
ლიტერათურათმცოდნე, ჟურნალისტი მაკა ბოცვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
სიმღერა “იაგუნდი”, რომლის მუსიკაც თავის დროზე ბორის თბილელმა დაწერა ანიმაციური ფილმისთვის ” შაქრო და ზაქრო”, გამოჩენისთანავე შეიყვარა ქართველმა მსმენელმა. ამ მელოდიის სიმღერად ქცევის იდეა ეკუთვნის უნიჭიერეს ადამიანს, მუსიკოსსა და ხელოვანს, ბევრი შესანიშნავი სიმღერის არაჩვეულებრივი ტექსტის ავტორს, მანანა სიამაშვილს. საყოველთაოდ ცნობილია, რა მკაცრი იყო ბატონი ბორისი მსგავს შემთხვევებში, თუმცა ტექსტის ნახვისთანავე, უყოყმანოდ აიტაცა იდეა და შედეგმაც არ დააყოვნა. მსუბუქი, სასიამოვნო მუსიკალური ჰარმონია და ასეთივე მსუბუქი, იუმორნარევი, ამასთანავე გამართული ქართული ლექსი მოუხდა ქართულ ესტრადას. სამწუხაროდ, დღეს ამ სიმღერის არც მუსიკისა და არც ტექსტის ავტორები აღარ არიან და შესაბამისად, პირადად ვერ დაიცავენ თავიანთ საავტორო უფლებებს. ამიტომ მათ, ვისაც ამ სიმღერის შესრულება გადაუწყვეტიათ, შევახსენებთ სიმღერის ავთენტურ ტექსტს, მანამდე კი მცირე განმარტებას მეტი სიცხადისათვის, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად:
სმარაგდი-მინერალი, ძვირფასი მწვანე ფერის ქვა, ზურმუხტი;
ლალი- ძვირფასი წითელი ქვა;
იაგუნდი- ასევე ძვირფასი ქვა, ძირითადად წითელი ფერის;
დარაბა-მზისა და ავდრისგან დამცავი ხის მასალის საფარი კარ-ფანჯრისათვის.
და კიდევ, საჯაროდ, როგორც ამ კომპოზიციით, ასევე ტექსტით თვითნებურად მანიპულირების უფლება არავის აქვს!
ტექსტი:
“სიყვარულის აჩრდილი,
როცა თანა გდევს,
თვალი, როგორც აპრილი,
აფრქვევს სმარაგდებს.
აბრეშუმის თავშალით
გდევდი ველ და ველ,
განა დავთმე, წამართვა,
ნიავს ვედავე.
იაგუნდი და ლალიო,
იყოს შენზე ალალიო,
მომწერე, თქმა ვერ გაბედე,
ვერ იყავი თამამიო.
იაგუნდი და ლალიო,
იყოს შენზე ალალიო,
მომწერე, თქმა ვერ გაბედე
დაღალე კალამიო.
ვისთვის დაიარები დავიდარაბად?
გულის კარი გაგიღე, განა დარაბა.
თვალს ცრემლი თუ ადინეს,
ვინ გიაქიმებს?
გადაფურცლავ, გადაშლი კარაბადინებს.
დილა რომ გათენდება
იისთვალება,
ღამე წავა ქურდივით
დაიმალება.
როცა ყინვა მოგვისწრებს, ზამთრის ასული,
მხრებზე შემომახვიე სიასამური.
იაგუნდი და ლალიო,
იყოს შენზე ალალიო,
მომწერე, თქმა ვერ გაბედე,
დაღალე კალამიო. “
P.S. ამ პოსტის ინსპირაციის მიზეზებით თავს აღარ შეგაწყენთ…))