„მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტს იმ უმძიმეს კრიზისში ჩართულობისთვის, რომელიც დღეს საქართველოშია“ - გიორგი ვაშაძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 6
„მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტს იმ უმძიმეს კრიზისში ჩართულობისთვის, რომელიც დღეს საქართველოშია“ - გიორგი ვაშაძე
ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის საუბრის შესახებ "ქართული ოცნება" დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. ტექსტში ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ თემაზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით, რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს.მანამდე განცხადება გაავრცელა ელისეის სასახლემ, რომელშიც ნათქვამია, რომ მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.მაკრონმა ასევე მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა. სატელეფონო საუბარი ივანიშვილსა და მაკრონს შორის საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა."ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მადლობას უხდის მაკრონს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის."ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება და საქართველოს კურსის შემოტრიალება ევროპული განვითარებისკენ -  მე ვფიქრობ, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში ეს პოზიციები ძალიან მკაფიოდ ჩანს. მადლობა მას ჩართულობისთვის ამ უმძიმეს კრიზისში, რომელიც დღეს საქართველოშია და რომელსაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმი -  მშვიდობის ნაცვლად, ქაოსი და ბოროტება", - აცხადებს გიორგი ვაშაძე."ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ, ახალი არჩევნების გარდა, სადისკუსიო არაფერია."ერთადერთი დიალოგი, რომელიც შეიძლება შედგეს, არის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. სხვა რამე სადისკუსიო და სასაუბრო არაფერია. ახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის ის საკითხები, რომლებზეც მეტ-ნაკლებად დასაშვებია გარკვეული ფორმის დიალოგი", - აცხადებს გეგელია.
სრულად წაიკითხეთ სტატია