ლიეტუვამ კობახიძეს და 16 სხვა თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა

Civil Georgia 1 კვირა წინ 8
ლიეტუვამ კობახიძეს და 16 სხვა თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა

ლიეტუვამ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევის საპასუხოდ სანქციები დაუწესა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუსის ბუდრისმა. ამ საკითხზე საუბრისას ბუდრისმა ხაზი გაუსვა ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ. ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის 16 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე იმსჯელებს. 

„ლიეტუვა დგას საქართველოს ხალხისა და მისი ევროპული ოცნების გვერდით. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და კიდევ 17 პირი დავამატეთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას. ახლა ევროკავშირის დონეზე ერთობლივი  მოქმედების დროა“.

ლიეტუვის მიერ დასანქცირებულ თანამდებობის პირთა სია ასე გამოიყურება:

  • გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
  • კახა კალაძე, თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
  • მიხეილ ჩინჩალაძე, სააპელაციო სასამართლოს პრეზიდენტი
  • მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე
  • ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი
  • ირაკლი რუხაძე, პროპაგანდისტული საშუალებების – ტელეკომპანია „იმედისა“ და GDS-ის მფლობელი
  • ლევან მურუსიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე
  • ვიქტორ ჯაფარიძე, დეპუტატი, პროპაგანდისტული არხის POSTV-ის მფლობელი
  • დიტო სამხარაძე (დიმიტრი სამხარაძე), ქართული ოცნების დეპუტატი
  • გოგა ხაინდრავა, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სტუდია ლე ხაინდრავას მფლობელი, ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგი
  • ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი
  • გიორგი კობახიძე, ირაკლი კობახიძის მამა, პრორუსული ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი წევრი
  • ზვიად შალამბერიძე, პროკურორი
  • შალვა თადუმაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე
  • თეა წულუკიანი, დეპუტატი
  • ირაკლი ქარსელაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ივანიშვილის კუთვნილ კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებს
  • კახი ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე

მანამდე ესტონეთმა დაუწესა სანქციები „ქართული ოცნების“ 14 თანამდებობის პირს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები – ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია – პირველი ქვეყნები იყვნენ, რომლებმაც გადამწყვეტი საერთაშორისო ზომები მიიღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ შორის მისი საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ადრე სანქცირებულ პირებს შორის იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და აშშ-ის მიერ სანქცირებული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია