ლატვიამ 20 დეკემბერს საქართველოს დამატებით 13 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა და ისინი ქვეყანაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან ეს პირები.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა: „საქართველოს 13 მოქალაქე შევიყვანე ლატვიის პერსონა ნონ გრატა პირთა სიაში, რაც მათ ლატვიაში შესვლას უკრძალავს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საიმიგრაციო კანონის 61(2) მუხლის მიხედვით“. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღნიშნულ პირებს ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაუწესდებათ“.
ლატვიამ, ბალტიისპირეთის კიდევ ორ ქვეყანასთან – ესტონეთთან და ლიეტუვასთან ერთად, შემზღუდველი ზომები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანს. მათ ამ ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ. გადაწყვეტილება 2024 წლის 2 დეკემბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ გამოაცხადეს.
ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებმა ასევე დააწესეს ეროვნული სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებს. კერძოდ, ლიეტუვამ სანქციები დაუწესა 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს კახა კალაძეს, სასამართლო კლანის წევრებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკურ იდეოლოგებს, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევის საპასუხოდ.
ესტონეთმა 16 დეკემბერს დამატებითი სანქციები გამოაცხადა 14 ოფიციალური პირისა და მოსამართლის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სასტიკი და რეპრესიული ზომების მიღების გამო.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/12/2024 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შსს-ს მაღალჩინოსნების დასანქცირების შესახებ
- 19/12/2024 – აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ სისასტიკისთვის შსს-ს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
- 19/12/2024 – გაერთიანებული სამეფო ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებს
- 05/1/2024 – უკრაინამ ივანიშვილსა და მის თანამოაზრეებს სანქციები დაუწესა