„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელმა თანამდებობა დღეს დილით დატოვა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გელაძე 28 მაისს, გომელაურის გადადგომიდან დაახლოებით ორ საათში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
გელაძე იურისტია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებში, ასევე პროკურატურასა და პრობაციის სააგენტოში მუშაობდა. 2025 წლის აპრილიდან იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად დანიშნული უფროსის, ანრი ოხანაშვილის, ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, გელაძე იყო განათლების მინისტრის მოადგილე (2023–2024), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი (2018–2023), შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი (2016–2018) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი (2012–2016).
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, იგი კერძო სექტორში მუშაობდა თამბაქოს იმპორტისა და დისტრიბუციის კომპანია შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორად (2008–2010). იგი ასევე მსახურობდა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მრჩევლად (2007–2008), პრობაციის დეპარტამენტში მრჩევლად (2007) და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილედ (2005–2006).
კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს წარმატება უსურვა: „დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება წინსვლა და განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროში და გაგრძელდება ზრუნვა თითოეული პოლიციელის ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა“.
გელაძემ მადლობა გადაუხადა კობახიძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის. მან აღნიშნა, რომ გომელაურმა „ძალიან მნიშვნელოვანი როლი და წვლილი“ შეიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვუხელმძღვანელო ამ უწყებას და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა მან.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გადამგარ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განაცხადა, რომ გომელაურმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. „ჩვენთვის ეს იყო ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა, გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ. „გასული ოთხი წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის ოთხი მცდელობის აღკვეთაში“.
გომელაური, რომელსაც რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა, სანქციები დაუწესა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის თანამდებობის პირია, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ვიცე-პრემიერი.
ასევე წაიკითხეთ: