კობახიძე „დიფ სთეითსა“ და გლობალური ომის პარტიას უკრაინაში ომის გამო ადანაშაულებს

Civil Georgia 8 საათი წინ 5
კობახიძე „დიფ სთეითსა“ და გლობალური ომის პარტიას უკრაინაში ომის გამო ადანაშაულებს

„კონკრეტულმა ძალებმა ე.წ დიფ სთეითმა, გლობალური ომის პარტიამ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში მომხდარიყო ომი“, განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლება“ და დასძინა, რომ იგივეს თქმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც შეიძლება. 24 იანვარს ზესტაფონში ჟურნალისტებთან საუბრისას, კობახიძემ ბოლოდროინდელი პროევროპული საპროტესტო აქციები გააკრიტიკა და მათ ოპოზიციის მიერ „რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა უწოდა. კობახიძემ პირობა დადო, რომ მსგავსი მცდელობები საქართველოში წარმატებას ვერ მიაღწევს.

მსახიობების პროტესტი

კობახიძემ ასევე ისაუბრა თითქმის ორთვიანი პროევროპული საპროტესტო აქციების შესახებ.  ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობების საპროტესტო მანიფესტის შეფასებისას, კობახიძემ განაცხადა: „ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობა. იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე. ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორც ჩავარდა ყველა წინა მცდელობა“.

სანქციები და ბრალდებები ოპოზიციის მიმართ

კობახიძემ გააკრიტიკა დაწესებული სანქციები, როგორც საქართველოს წინააღმდეგ „შანტაჟის“ ინსტრუმენტი და განაცხადა, რომ ისინი მიზნად ისახავდა ქვეყნის ომში ჩართვას. „ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე დაადანაშაულა ოპოზიცია და მათი „პატრონები“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. „ეს არის მორიგი ანტი-ქართული ინიციატივა, ნაბიჯი, რადიკალური ოპოზიციის, მათი ბატონების მხრიდან. ასეთი ინიციატივებით ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეარყევენ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს“, – განაცხადა მან.

ევროკავშირთან და PACE-სთან ურთიერთობები

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2028 წლამდე შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა აგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მათ შორის ევროკომისიაში ეკონომიკური რეფორმის სამწლიანი გეგმის წარდგენა დაასახელა. მან აღნიშნა, რომ „ეს არის ეკონომიკური რეფორმების გეგმა, ეს მოიცავს სამ წელიწადს – 2025-2026-2027 წლებისთვის არის გაწერილი ეს გეგმა, აქ საუბარია მაკროეკონომიკურ, ფისკალურ საკითხებზე. ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი მკაფიო ხედვა წარვუდგინეთ ევროკომისიას“. 

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „ღიმილისმომგვრელია, როდესაც პრორუსულობის საბაბით რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასეთი ინიციატივები აბსოლუტურად ანტიქართულია“ და დასძინა: „ამითაც ვერავითარ ზიანს ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ მიაყენებენ“.

„სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა მან.

კობახიძემ მოკლედ ისაუბრა ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც. „ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის. მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, შეუძლიათ, იქაც სცადონ ბედი. ეს არის ჩემი რჩევა რადიკალური ოპოზიციის მიმართ“, – დასძინა კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია