კვლევა: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი „მძიმე ინსტიტუციური კრიზისის“ წინაშე დგას

Civil Georgia 1 დღე წინ 2
კვლევა: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი „მძიმე ინსტიტუციური კრიზისის“ წინაშე დგას

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი „მძიმე ინსტიტუციური კრიზისის“ წინაშე დგას, რომელიც გამოიხატება სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფაში, ოპოზიციური და პროდასავლური აზრის ცენზურაში, თანამშრომელთა სისტემატურ დევნასა და მენეჯმენტის მხრიდან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებში, ნათქვამია კვლევაში, რომელიც მედიის ადვოკატირების კოალიციამ 15 აპრილს გამოაქვეყნა. ანგარიში, რომელიც 2017 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის პერიოდს მოიცავს, ყურადღებას ამახვილებს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მენეჯმენტში სისტემატურ ჩარევაზე, და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არხის პოლიტიზირებაზე მიუთითებს. კვლევის თანახმად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი მაუწყებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.  

მენეჯმენტის საკითხები

კოალიცია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, მათ შორის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება და ღიად დევნის თანამშრომლებს, რომლებიც საჯაროდ აკრიტიკებენ და აპროტესტებენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას.

ანგარიშში მოყვანილია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მაღლაფერიძისა და ბერძენიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს „ბიძინა ივანიშვილის რეპრესიული პოლიტიკის და პროპაგანდის ხელშეწყობის გამო“.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მთავარ სარედაქციო როლებს ის პირები ასრულებენ, რომლებიც ადრე ივანიშვილის შვილთან ასოცირებულ სახელისუფლებო ტელევიზიაში, GDS-ში მუშაობდნენ. მათ შორის არიან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა შონია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის მთავარი რედაქტორი ირინა დეკანოიძე.

სარედაქციო პოლიტიკა და ცენზურა

კოალიცია დეტალურად აღწერს სარედაქციო ჩარევის რამდენიმე შემთხვევას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ინტერვიუებზე ცენზურის დაწესების მოთხოვნებს და იმ პროგრამების დაკნინებას, რომლებიც საჯარო დისკუსიებისთვის სივრცეს სთავაზობდნენ. დოკუმენტში მოყვანილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერის ელენე კვირცხალიას შემთხვევა, რომელსაც, სავარაუდოდ, მოსთხოვეს კრიტიკული შენიშვნების ამოღება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან ინტერვიუდან, რომელშიც ის საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში არსებულ პრობლემებს განიხილავდა. ჭიჭინაძე დეკემბერში პროევროპული აქციების დროს დააკავეს.

კვლევაში ასევე მოყვანილია წამყვანებისა და ჟურნალისტების გათავისუფლების მაგალითები, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. მათ შორის არიან „მოამბის“ ახალი ამბების წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი.

ივანოვ-ჩიქოვანი ეთერიდან მოხსნეს და მოგვიანებით მაუწყებლიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ეთერში სოლიდარობა გამოუცხადა ონლაინ მედიასაშუალებების „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დაკავებულ დირექტორს, მზია ამაღლობელს და პროევროპული საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალადობა გააკრიტიკა.  

ზაუტაშვილის გადაცემა, რომელიც იმ რამდენიმე გადაცემას შორის იყო, რომელიც აქტუალურ სოციალურ საკითხებს ეხებოდა, 2024 წლის ზაფხულში ეთერიდან მოხსნეს და ტექნიკური საბაბით რადიოში გადაიტანეს. ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად ზაუტაშვილიც მაუწყებლიდან 11 აპრილს გაათავისუფლეს.

მათი გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა თეა კახიანმა და მსახიობმა და ტელეწამყვანმა დავით ველიჯანაშვილმა 12 აპრილს არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. მათ განაცხადეს, რომ „ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე ადგილის პოვნა გაუჭირდეს თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს“.

კვლევაში ნათქვამია, რომ მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები დააკისრა კიდევ ოთხ თანამშრომელს. ორი მათგანის მიერ გასაჯაროებულ ბრძანებებში წერია, რომ თუკი ისინი „მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ“ კიდევ დააყენებენ, შესაძლოა სამსახურიდან გათავისუფლონ.

მაუწყებლის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლიდან მოყოლებული 102 თანამშრომელია გათავისუფლებული და მათი უმეტესობა რესტრუქტურიზაციის მოტივით. სასამართლომ რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის საჩივარი დააკმაყოფილა და დამსაქმებელს მათი სამსახურში აღდგენა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. კვლევის თანახმად, მარტო 2017-2020 წლებში მაუწყებელს დაახლოებით 300 000 ლარი აქვს გადახდილი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით.

პროევროპული საპროტესტო აქციების გაშუქება

ანგარიშში ნათქვამია, რომ მაუწყებლის როლი ძლიერი ყურადღების ქვეშ მოექცა 2024 წლის ბოლოს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს, როდესაც აქტივისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბალანსებელ გაშუქებაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეები მაუწყებლის შენობასთან თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ და საეთერო დროს მოითხოვდნენ. მართალია თავდაპირველად არხის მენეჯმენტმა აქციის მონაწილეებისა და აქტივისტებისთვის ყოველდღიურად 40 წუთიანი საეთერო დრო გამოყო, ეს პრაქტიკა მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდა. შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გრძელდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 80-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც გმობს პოლიციის ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ისინი ასევე გაემიჯნენ მმართველი გუნდის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ და მოითხოვეს მაუწყებლის საეთერო დროის გამოყენება საზოგადოებრივი აზრისა და ღია დისკუსიისთვის.

მოგვიანებით, მათ მაუწყებელი იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ გაშუქებისას მნიშვნელოვან დეტალებს ტოვებდა, როგორიცაა „სამართალდამცველების მხრიდან საპროტესტო აქციებისას დაკავებულების ცემა, წამება, გაუპატიურების მუქარები და სხვ.“ მათ “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” ფეისბუქის გვერდიც შექმნეს.

მენეჯმენტის გადადგომისკენ მოწოდება

მედიის ადვოკატირების კოალიციამ დასძინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ აკმაყოფილებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის საერთაშორისო სტანდარტებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2005 წლიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირშის წევრია. მედიის ადვოკატირების კოალიცია „დაუშვებლად მიიჩნევს მაუწყებლის მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას, დაშინებასა და სხვადასხვა ფორმით შევიწროებას“.

კოალიცია ბერძენიშვილისა და მაღლაფერიძის გადადგომისკენ მოუწოდებს და სანაცვლოდ, „პოლიტიკურად მიუკერძოებელი მენეჯმენტის ჩამოყალიბებას“ ითხოვს. 

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია