ინგა ჩახვაშვილი: დიუგინს რომ შვილი აუფეთქეს, ჩვენი ქვეყნის მტერს, მაშინ მოთქვამდით, მამის საქციელზე შვილი პასუხს არ აგებსო. დიუგინისოდენა რა დაგიშავათ ან ვანო მაჭავარიანმა, ან გოკა გაბაშვილმა, ან გიგი უგულვა

News.ge 2 დღის წინ 8
ინგა ჩახვაშვილი: დიუგინს რომ შვილი აუფეთქეს, ჩვენი ქვეყნის მტერს, მაშინ მოთქვამდით, მამის საქციელზე შვილი პასუხს არ აგებსო. დიუგინისოდენა რა დაგიშავათ ან ვანო მაჭავარიანმა, ან გოკა გაბაშვილმა, ან გიგი უგულვა
“ორი მწუხარებით სავსე პოსტი შემხვდა, მის დამჰაჰავებლებთან და სიხარულით დამკომენტარებლებთან საერთო არ მინდა ჰაერიც კი, რომ ვკვდებოდე, მათი მოწოდებული უკვდავების წყალიც არ მინდა (ვინ მიაშავებს ამ მადლს მაგ ბოროტებს, მაგრამ ჰიპოთეტურად, დავუშვათ).
ნაცებთან მე ქონება კი არ მქონდა გასაყოფი, ან ბიზნესი კი არ ამახიეს, მაგათ მოსვლამდე გარდაიცვალა მაგული გოგიტიძე, ასლან აბაშიძის ცოლი და დაკრძალვის დღეს მაგათ პარტიის პრეზენტაცია გამართეს, ისე რომ სამძიმრის დეპეშაც კი არ გამოგზავნეს. მთელი საქართველო იქ იყო, აბაშიძის მტერ-მოყვარის ჩათვლით, იმსახურებდა მაგული გოგიტიძე ამ სიყვარულს თავისი უხმაურო ღვაწლით.
სხვის დარდს, ტკივილს, დანაკარგს, ტრაგედიას რომ ვერ გაიზიარებს, იმ ადამიანის არაფერი მწამს და არაფერი მინდა. ამიტომ წავედი ემიგრაციაში.
თქვენ კი, რას დაემსგავსეთ, გოკა გაბაშვილს ახალგაზრდა მეუღლე გარდაეცვალა, რეზო ლაღიძის შვილიშვილი, ვანო მაჭავარიანს – 24 წლის შვილი. გიგი უგულავას სამძიმარი გამოუტანია რომელიღაც სააგენტოს ნიუსად (ეს ცალკე სიგიჟეა). ამაზე როგორ იცინით, გამაგებინეთ, რა ჯიშის და ჯილაგის ხართ, რა ეშმაკის ვაქცინით ხართ აცრილები. დიუგინს რომ შვილი აუფეთქეს, ჩვენი ქვეყნის მტერს, მაშინ მოთქვამდით, მამის საქციელზე შვილი პასუხს არ აგებსო. დიუგინისოდენა რა დაგიშავათ ან ვანო მაჭავარიანმა, ან გოკა გაბაშვილმა, ან გიგი უგულვამ, რომ ტაშ-ფანდური გამართეთ კომენტარებში.
არ დაუწერია ქართველ ხალხს “იქნება ვეფხის დედაი ჩემებრ მწარედა ტირისა”, არ ვგავართ ჩვენ მაგ სიბრძნის ლექსად დამწერ ხალხს, არა. ძალიან მეტკინა გული, ერთადერთი შვება, თუ ამას შვება შეიძლება დავარქვათ, ისაა, რომ არც ერთი ახალგაზრდა გოგოების სიკვდილის გამო გახარებული ჩემი ფრენდებიდან არ არის. ვუთანაგრძნობ მთელი გულით გოკა გაბაშვილს, ძალიან რთულია ამ ასაკში ცხოვრების თანამგზავრის და მეგობრის დაკარგვა. უნდა გაუძლოთ!
არ ვიცნობ ვანო მაჭავარიანს,  არც ის ვიცი, ვისი ხელისუფლების ჩინოსანი იყო, მაგრამ მთელი გულით ვწუხვარ, რაც ეს ამბავი გავიგე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკული სკოლის გვერდიდან, თავი ვერ წამოვკრიფე. წმინდა ნიკოლოზს ვთხოვ, ჩაიხუტოს მარიამი გულში და ღვთისმშობელმა თავისი კალთით სითბოსა და სიყვარულში ამყოფოს.
ღმერთმა უკეთ იცის, იქნებ ამ გაბოროტებულ გარემოში დასატოვებლად დაენანა ლამაზი, გონიერი, განათლებული გოგონა, იქნებ მართლა იქ ჯობს, სადაც არც ურვაა და არც ჭმუნვა, არც სიბოროტე და დაუნდობლობა. ღმერთმა გააძლიეროს მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და მაინც მშობლები. დაათმენინოს ეს ტკივილი. ღმერთო, სად ხარ?!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია