
ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები აქვს და იმედოვნებს, მალე გამოაცხადებს ახალი კომპანიის ყიდვის შესახებ შეთანხმების დასრულებას.
როგორც ბიზნესმენი განმარტავს, მისი კომპანია მუდმივად ჩართულია აქტივების ყიდვა-გაყიდვის პროცესში.
მისივე თქმით, მაშინ, როცა “ბაზისბანკთან” “ლიბერთის” გაყიდვაზე მიდის მოლაპარაკებები, პარალელურად, სხვა აქტივის გაყიდვაზეც მიმდინარეობს საუბარი. ამავდროულად, კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი აქტივის შეძენაზე.
“ჩვენ ვართ კერძო საინვესტიციო კომპანია და მუდმივად ვყიდით და ვყიდულობთ კომპანიებს. ჩვენ გვაქვს რაღაც დრო მოცემული, რომელშიც უნდა განვავითაროთ კომპანია და მერე, უნდა გავიდეთ იქიდან. ამიტომ, ჩვენი ყველა კომპანია იყიდება რაღაც მომენტის დადგომის შემდეგ.
როცა ბაზისბანკს ვესაუბრებით ლიბერთის გაყიდვაზე, პარალელურად გვაქვს მოლაპარაკებები სხვასთან სხვა აქტივის გაყიდვაზე. ამავდროულად, ჩვენ ველაპარაკებით სხვა ხალხს რაღაცის ყიდვაზე. არ ვიცი, გამოვა თუ არა ეს შეთანხმება ბაზისბანკთან, მაგრამ ცოტა ხანში იმედი მაქვს, რომ გამოვაცხადებთ, რომ რაღაც ვყიდულობთ ისევ საქართველოში. დეტალებს ვერ გეტყვით. საერთოდ სხვა სფეროა რომელიც გვაინტერესებს.
ბორჯომი, რომელიც ძალიან მიყვარდა და იქ წარმოუდგენელ რაღაცებს მივაღწიეთ, გავყიდეთ. ეს არის ჩვენი ბიზნესი, რასაც უნდა მიაღწიო, როგორი წარმატებულიც უნდა იყოს ბიზნესი, რაღაც მომენტში უნდა გახვიდე”, – განაცხადა რუხაძემ.
ცნობისთვის, გუშინ BMG-ს წყარომ განუცხადა, რომ “ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკს“ ყიდულობს. გარიგება კი სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება.