
ილონ მასკის მიერ კალინ ჯორჯესკუს მხარდაჭერა შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად ჩაითვალოს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ემილ ჰურეზიანუმ განაცხადა.
„ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელში კალინ ჯორჯესკუს მხარდასაჭერად გამოქვეყნებული “მესიჯები” შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის ფორმად ჩაითვალოს. მაგრამ ის მაინც კერძო პირია, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაციაში თანამდებობა არ აქვს დაკავებული“, – განაცხადა ემილ ჰურეზიანუმ.
მისი თქმით, ილონ მასკმა ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ მხარდაჭერა უკვე ღიად გამოხატა და „ის ძალიან ძლიერი და გავლენიანი ფიგურაა“.
ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ ნოემბერში გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. მოგვიანებით რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებდა.
რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.
წყარო: ipn.ge