ივლისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1.848 მლნ ლარი შევიდა

News.ge 3 საათი წინ 4
ივლისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1.848 მლნ ლარი შევიდა

ბიუჯეტში არასწორ პარკირებაზე გადახდილი თანხების მოცულობა ყოველთვიურად იზრდება. აღნიშნულს მოწმობს სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) შესახებ.
კერძოდ, ოფიციალური მონაცემების თანახმად, წელს, მხოლოდ ივლისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1.848 მლნ ლარი შევიდა, ეს მაშინ, როდესაც ივნისში აღნიშნული სანქციით ბიუჯეტი 1.686 მლნ ლარით შეივსო, მაისში – 1.358 მლნ ლარით, აპრილში – 726 854 ლარით, მარტში – 515 992 ლარით, თებერვალში – 689 003 ლარით, ხოლო იანვარში 727 076 ლარით. გამოდის, წელს მხოლოდ 3 თვეში, მაისში, ივნისსა და ივლისში, მოქალაქეების მიერ გადახდილმა პარკირების ჯარიმებმა 5 მლნ ლარს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ პერიოდზე ჩიოდნენ მოქალაქეები, რომ ჯარიმების გამოწერა განსაკუთრებით გააქტიურებული იყო. კერძოდ, სოციალურ ქსელში არაერთი მოქალაქე წერდა, რომ თუ მანამდე, არასწორად დაპარკინგებულ მანქანებზე ჯარიმები ფაქტობრივად არ იწერებოდა, აპრილის ბოლოდან ნებისმიერი სივრცე მათი კონტროლის არეალი გახდა.
რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე წლის მონაცემებს, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივლისში, არასწორი პარკირებით დაწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 7 588 944 ლარი შევიდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი წინა წლის იგივე პერიოდში 10 209 374 ლარი იყო.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 126 442 720 ლარი შევიდა, 2024 წლის 7 თვეში კი 129 381 145 ლარი.

სრულად წაიკითხეთ სტატია