ივანიშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე უარის მიზეზად სანქციებსა და „შანტაჟს“ ასახელებს

Civil Georgia 1 კვირა წინ 9
ივანიშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე უარის მიზეზად სანქციებსა და „შანტაჟს“ ასახელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზად, აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან და „შანტაჟთან“ ერთად, საკუთარ „კომპლექსს“ ასახელებს. მის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის საელჩოს მიერ 28 მაისს გავრცელებული განცხადება, რომლის თანახმადაც ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.

ივანიშვილმა არჩევნებამდე მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი გაიმეორა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მასზე დაწესებულმა „ფორმალურმა“ და „არაფორმალურმა“ სანქციებმა მასში კომპლექსი გამოიწვია და რომ მას აუცილებლად ექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით მისი პირადი ინტერესების საპირწონედ იღებს. „ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც“, – აცხადებს ივანიშვილი.

მართალია ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფული არც მანამდე ყოფილა და არც ახლაა  მისი ინტერესი, მან განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს ისიც კი აცნობა, რომ მზად იყო, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დაეხარჯა. თუმცა, ამაზე პასუხი არ მიუღია. მან ასევე განაცხადა, რომ ელჩ დანიგანს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზა, რომელიც არ არის დასანქცირებული და შესაბამისად არც კომპლექსები აქვს. თუმცა, ელჩის უარმა გაამყარა რწმენა, რომ „ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას“. მიუხედავად ამისა, ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის „სუფთა ფურცლიდან“ განახლების შესახებ.

განცხადების სრული ტექსტი

დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც „ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული.

ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე.

ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე.

წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)

ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ – 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე.

გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.

იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო.  თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა.

აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.

შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი.

იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია