“იბერია 1999”-მა, “კოლხეთი 1913”-მა, “სამგურალმა” და “დილამ” გაიმარჯვეს

News.ge 4 კვირის წინ 16
“იბერია 1999”-მა, “კოლხეთი 1913”-მა, “სამგურალმა” და “დილამ” გაიმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტური დასრულდა. დღეს ოთხი მატჩი გაიმართა. ლიდერმა “იბერია 1999”-მა ბათუმში “დინამოს” მოუგო და მეორეადგილოსან “ტორპედოს” უკვე ექვსი ქულით უსწრებს. ასევე გაიმარჯვეს “სამგურალმა”, “კოლხეთი 1913”-მა და “დილამ”.
სამგურალი 1:0 სამტრედია
წყალტუბოს “სამგურალმა” ლევან კუტალიას გოლით მოუგო აუტსაიდერ “სამტრედიას”. კუტალიამ დემურ ჩიხლაძის ჩაწოდებულ კუთხურს თავური მიაყოლა და მიდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე გოლი მიითვალა.
შეგახსენებთ, ლევანმა წინა ტურში “გაგრასთან” პოკერი შეასრულა.
“სამგურალი” მეექვსე ადგილზეა, 5 ქულით დაშორდა საპლეიოფო ზონას.
კოლხეთი 1913 3:1 ტორპედო
ფოთელებმა 11-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს,
თანაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ “ტორპედოს” სძლიეს 3:1.
დრამატული გამოდგა ეს მატჩი და ყველაფერი ვნახეთ: გატანილი პენალტი, გაცუდებული პენალტიც, ავტოგოლიც, წითელი ბარათიც.
მე-10 წუთზე მასპინძელთა შემტევმა გაბრიელ ფერეირამ ჩააწოდა და ტორპედოელთა მცველ ნიკა სანდოხაძეს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი. ტაიმის ბოლოს კირილ კლიმოვმა პენალტით ორამდე გაზარდა სხვაობა – 2:0.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ფოთელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ახალაძემ პენალტი ვერ გამოიყენა: ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია ბურთი.
და მალევე “ტორპედომ” შეამცირა სხვაობა, კერძოდ, ფელიპე პირესმა თავით გაიტანა. დრო საკმაოდ რჩებოდა, მაგრამ “ტორპედომ” არათუ გაათანაბრა, პირიქით ბოლოს გაუშვა გოლი: გიორგი მელქაძემ დაიწყო კონტრშტევა და გიორგი აბუაშვილმა დაასრულა – 3:1.
მანამდე, 81-ე წუთზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ბიორნ იონსენი გააძევეს. მეორე გაფრთხილება მიიღო.
“კოლხეთი 1913” მერვე ადგილზე რჩება, მაგრამ შანსი აქვს, რომ გადათამაშებას გადაურჩეს. “ტორპედომ” კი ამ წაგებით მნიშვნელოვნად შეიმცირა ჩემპიონობის შანსები.
დილა 1:0 დინამო თბ
გორის “დილამ” მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილით მოუგო “დინამო თბილისს”. “დინამო” ცხრილის შუაში, მეხუთე ადგილზეა, ხოლო დილა “მესამეზეა” და ორი ქულითღა ჩამორჩება “ტორპედოს”.
ეს ერთადერთი გოლი იბრაჰიმა დრამემ გაიტანა თავურით. საინტერესოა, დრამეს მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს და აქედან 3 “დინამო თბილისის” კარში.
“დილამ” კონფერენციიის ლიგის საგზური გაინაღდა. “დინამო თბილისი” კი საქართველოს თასის ფინალშია გასული, სადაც “სპაერს” ხვდება. მოგებული ასევე კონფერენციის ლიგაზე გავა.
დინამო ბთ 0:1 იბერია 1999
თბილისის “იბერია 1999”-მა კვლავ გაიმარჯვა და სამი ტურით ადრე, უახლოეს მდევარ ქუთაისის “ტორპედოს” უკვე 6 ქულით გაუსწრო.
ერთადერთი გოლი თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ გაიტანა შორიდან ძლიერი დარტყმით. ეს 64-ე წუთზე მოხდა.
ისე, მანამდე, პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე იბერიელებმა პენალტი ვერ გამოიყენეს: ცოტნე კაპანაძემ მოიპოვა თერთმეტმეტრიანი, გიორგი კოხრეიძემ დაარტყა და მეკარე ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია. ხარატიშვილმა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში (ხორვატებს ორი პენალტი აუღო), ამჯერადაც იყოჩაღა.
erovnuliliga.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია