
ბიზნესმენი და “ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის” პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ბლოკთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც, რომელმაც ქართველი მეწარმეებისთვის ევროპის საექსპორტო ბაზარი გახსნა – ამის შესახებ ბეჟიტაშვილმა BMG-ის “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, DCFTA-ით საქართველო იმიტომ სარგებლობს, რომ საქართველოს არჩეული კურსი მკაფიოდ დასავლური იყო, თუმცა ამ კურსის ცვლილების შემდეგ ევროკავშირის მიერ ყველა სარგებლის გაუქმება მოსალოდნელი იქნება.
“უვიზო მიმოსვლას თუ გაგვიუქმებენ, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება როგორც ქვეყნის პრესტიჟისთვის, ასევე ეკონომიკისთვის და კონკრეტულად, ექსპორტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დიდი მოცულობები არ არის [EU-ს მიმართულებით], ამასაც აქვს თავისი საფუძველი აქვს და ეს საფუძველი, თავისთავად ცხადია, ჩვენი სახელმწიფოს მიერ დასავლური კურსიდან გადახვევაა. კანდიდატის სტატუსი იმიტომ მოგვცეს და DCFTA-ის ბენეფიტით იმიტომ ვსარგებლობთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდა სწორი მიმართულებით, ქვეყნის შიგნით არ იყო ის დაძაბული პოლიტიკური ფონი, რაც ახლაა. პერსპექტივაშიც უფრო და უფრო უარესდება ვითარება და ევროპის ქვეყნებს აქვთ შესაბამისი რეაქცია ამის გამო. ევროპა მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობა არ არის, ის ასევე არის პოლიტიკური მოწყობა, დემოკრატიული სივრცე და თავისუფლების ხარისხისა და ადამიანის უფლებების გარანტორი – ამას თუ შორდება ჩვენი ქვეყანა, თავისთავად ცხადია, სხვა გზა არ დარჩენიათ ევროპულ ქვეყნებს, გარდა იმისა, რომ დაგვიწესონ შეზღუდვები.