თემურ ქათამაძემ 5 მარტს 48-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების გამო, იგი საპატიმროდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავის გადაწყვეტილებაზე კომენტარი მას ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ბრძოლა, როგორც ჩანს, არ დასრულებულა.
ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქე თემურ ქათამაძე (გაფარ ილმაზი) საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს. 54 წლის ქათამაძეს „ბათუმელ მედროშედ“ იცნობენ, რადგან ბათუმის საპროტესტო აქციების დროს მას მუდამ საქართველოს დროშა ეკავა ხელში და პრო-ევროპულ აქციებს უძღვებოდა. იანვრის შუა რიცხვებში ის დააკავეს. ქათამაძე დღემდე პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც მას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნებოდა და თურქეთში დეპორტაციით ემუქრებოდა, სადაც მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
დაპატიმრებები, არასათანადო მოპყრობა და ბრძოლა ლტოლვილის სტატუსისთვის
თემურ ქათამაძე პირველად 2025 წლის 11 იანვარს ბათუმში პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მას ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ქათამაძემ ამ დაკავების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. მან წერილში აღნიშნა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ და კიდევ ათმა პოლიციელმა მას იზოლატორში სცემეს. ამავე წერილში ის ასევე იხსენებს, რომ პოლიციამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მას „ძაღლი“ და „თურქი“ უწოდა და ეუბნებოდა „რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან”.
ქათამაძე 16 იანვარს გაათავისუფლეს, მოგვიანებით იმავე დღეს კი კვლავ დააკავეს. ამჯერად, ხელისუფლებამ მისი დაკავების მოტივად საქართველოს საიმიგრაციო კანონმდებლობა დაასახელა და განაცხადა, რომ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლება არ აქვს და ქვეყნიდან უნდა იქნას გაძევებული. ის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში სამი თვით გადაიყვანეს. მეორე დაკავებიდან მომდევნო დღეს, 17 იანვარს ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.
საქართველოდან იძულებითი დეპორტაციის შიშით, ქათამაძემ 20 იანვარს შსს-ს მიმართა და ჰუმანიტარული საფუძვლით ლტოლვილის სტატუსის მიღება მოითხოვა. მაგრამ სამინისტრომ მისი განაცხადი სულ რაღაც სამ დღეში არ დააკმაყოფილა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად კანონმდებლობა 6-თვიან ვადას განსაზღვრავს, ხოლო დაჩქარებული წესით განხილვისას გადაწყვეტილების მიღების ვადა 1 თვეს შეადგენს, იტყობინება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), რომელიც ქათამაძის ინტერესებეს იცავს. ქათამაძემ უარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიიღო.
შსს-ს უარყოფის შემდეგ, თემურ ქათამაძემ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ვინაიდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მისი დეპორტაცია დღის წესრიგში არ დგას, აცხადებს საია.
ქათამაძე ითხოვს ლტოლვილის სტატუსს, რადგან „თურქეთში მის წინაღმდეგ მიღებულია დაკავების ბრძანება და მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი“, აცხადებს საია.
სავარაუდოდ, 2023 წელს ქათამაძეს აცნობეს, რომ თურქეთში შესვლის შემთხვევაში მას დააპატიმრებდნენ აწ უკვე გარდაცვლილი ფეთულა გიულენის (თურქეთის ხელისუფლების მიერ მტრად გამოცხადებული ოპონენტის) მხარდაჭერისთვის და რომ ადვილად შესაძლებელია, რომ მისი სიცოცხლეც საფრთხეში აღმოჩნდეს. ქათამაძე ამბობს, რომ ეს ამბავი შეთითხნილი იყო, რასაც მისი ადვოკატიც ადასტურებს.
თემურ ქათამაძეს არაერთხელ მოუწოდეს შიმშილობის შეწყვეტისკენ. „ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლი სჭირდება“, – დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშშვილმა. თუმცა, ქათამაძე შიმშილობის შეწყვეტაზე დღემდე უარს აცხადებდა.
ახლა მისი ლტოლვილის სტატუსი გადამწყვეტია, რადგან ეს ხელს შეუშლის მის იძულებით დეპორტაციას თურქეთში. თუმცა, ქათამაძე წლებია იბრძვის საქართველოს მოქალაქეობისთვის.
ბრძოლა საქართველოს მოქალაქეობისთვის
„მე ვარ თემურ ქათამაძე, თურქეთის ეთნიკურ ქართველთა, ჩვენებურთა, ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი, წარმომადგენელი და აქტივისტი. ორმოცი წელია ვემსახურები თურქეთში ქართული იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნების და მომავალი თაობებისთვის მათი გადაცემის საქმეს“, – დაწერა თემურ ქათამაძემ სოციალურ მედიაში 30 იანვარს.
მან სამჯერ სცადა (2012, 2015 და 2019 წლებში) საქართველოს მოქალაქეობის მიღება, მაგრამ უშედეგოდ. 2020 წელს მას უარი უთხრეს ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე. ქათამაძე, რომელიც თავისუფლად საუბრობს ქართულად, იცნობს ქვეყნის ისტორიასა და კულტურას და წლების განმავლობაში მუშაობდა მის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებში. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე განმეორებით უარს პოლიტიკური საფუძველი აქვს.
„13 წელია ქვეყნიდან გაუსვლელად აქ ვცხოვრობ და ვაგრძელებ ბრძოლას „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც 13 წელია მიზანმიმართულად დისკრიმინაციული პოლიტიკის საფუძველზე თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობას არ ანიჭებს“, – წერს ქათამაძე.
მისი თქმით, 2016 წელს ბათუმში ირანისა და თურქეთის ეთნიკურ ქართველებთან ერთად მან დააფუძნა მსოფლიო ქართველთა კავშირი „ფენიქსი“, რომლის „მიზანი იყო თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ეროვნული იდენტობის, მშობლიური ენისა და ქართული კულტურის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის მათი გადაცემა“.
ზემოთხსენებულ სამივე შემთხვევაში ქათამაძემ გაიარა საჭირო პროცედურები და წარმატებით ჩააბარა გამოცდები ქართულ ენასა და ისტორიაში. რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა იხილა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის დოკუმენტი, რომელშიც უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, დეტალების ახსნის გარეშე, მოკლედ აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია”.
საქართველოს მოქალაქეობის მიღება საგამონაკლისო წესით შეუძლია პირს, თუ ის საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს.
1968 წელს დაბადებული თემურ ქათამაძე არის მუჰაჯირების შთამომავალი – საქართველოს აჭარის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც 1870-იან წლებში რუსეთის მიერ აჭარაში შემოჭრის შემდეგ დღევანდელ თურქეთში განდევნეს.
1990-იანი წლების ბოლოდან ის მუშაობდა თურქეთიდან და შემდეგ საქართველოდან თურქეთში ეთნიკური ქართველების განათლებისა და ინფორმაციის უფლებების მხარდაჭერის, ეთნიკური ქართველების მოქალაქეობის მიღებაში დახმარებისა და ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების ხელშეწყობის მიზნით.
„საქართველოში გატარებული 13 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი არაერთხელ გავხდი“, – წერს ქათამაძე თავის წერილში.
„ჩემი შეფასებით ჯერ ბათუმში, აქციის დროს უკანონო დაკავება, შემდეგ კი ქვეყნიდან გაძევების მიზნით ხელმეორე დაკავება იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა, მიმართული ჩემზე შურის საძიებლად წლების მანძილზე მოქალაქეობისთვის ჩემი ბრძოლისა და ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებების გამო“, – აღნიშნავს იგი.
კვირების განმავლობაში ხელისუფლება არ აწვდიდა საია-ს საჭირო ინფორმაციას მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გარკვეულ მომენტში, თემურ ქათამაძეს უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და პატიმრობაში სამედიცინო შემოწმებაზე. წერილში მან განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ პატიმრობაში, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. შიმშილობის შედეგად მან 20 კილო დაიკლო.
საიას ინფორმაციით, თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო 18 მარტს განიხილავს.
ასევე წაიკითხეთ: