თეა წულუკიანი: მე წავიყვანე ეს საუბარი ბოლოსკენ და მას ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც, საქართველო არის ჩვენი ლამაზი დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის

News.ge 2 თვის წინ 102
თეა წულუკიანი: მე წავიყვანე ეს საუბარი ბოლოსკენ და მას ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც, საქართველო არის ჩვენი ლამაზი დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის

კულტურის ყოფილი მინისტრი და მმართველი პარტია ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-6 ნომერი, ამტკიცებს, რომ 2021 წლის გაზაფხულზე, “როდესაც საქართველოზე არ არის ჯერ დაწყებული ის გაუგონარი დარტყმები, რომლებსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან”, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა თავისთან დაიბარა და მიუთითა, ვინ უნდა დაეფინანსებინა კულტურის სამინისტროს.

წულუკიანი ამბობს, რომ ეს არ იყო საფრანგეთის ელჩი, თუმცა, არ აკონკრეტებს რომელი ქვეყნის ელჩზე საუბრობს. მისი თქმით, ის ელჩს, “როგორც ბიძია თომა”, რეზიდენციაში “მიეახლა”.

“მან მითხრა რომ კარგიაო, გილოცავთო რომ დაინიშნეთო, მაგრამ მაქვს პრობლემაო თქვენთანო. […] მან გულის ჯიბიდან ამოიღო, მარცხენა მხრიდან, პატარა ფურცელი, რომელიც გაშალა და მითხრა, რომ “მე, მაგალითად, არ მომწონს და მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, ამ ხალხს დააფინანსებთ”.

ეს იყო ძალიან პატარა სია. ვისაც კი თქვენ ხედავდით და ხედავთ დღეს, რომ ყვირის და იყო უკმაყოფილო წულუკიანის მმართველობით და დღეს უკვე ფართო მასშტაბი შეიძინეს და არის უკმაყოფილო ქართული ოცნებით, ყველა იყო ამ სიაში. ეს იყო პატარა ჯგუფი ადამიანების, მყვირალა ხალხი, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ წლების მანძილზე – ხელისუფლებები მიდიოდნენ, მოდიოდნენ, პარტიები მიდიოდნენ, მოდიოდნენ (დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე პერიოდს ვგულისხმობ), მინისტრები იცვლებოდნენ, იყვნენ ქალები, კაცები, ასეთები, ისეთები, მოსაწონი ყველასთვის და მოუწონარი ზოგისთვის – მაგრამ ისინი კვლავ იყვნენ მუდმივად იქ, სადაც იყვნენ და მუდმივად ფინანსდებოდნენ”. – თქვა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში ნოესთან.

მისი თქმით, ელჩთან, “იმ ზრდილობის და იმ ეტიკეტის ფარგლებში, რაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელ დიპლომატს ეკუთვნის”, “ძალიან უსიამოვნო” საუბარი ჰქონდა.

“ავუხსენი, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ქართული კულტურა მარტო ეს 5-6 ადამიანი არ არის. ქართული კულტურა არის გაცილებით უფრო ფართო. როდესაც ვუთხარი, “თქვენს სიაში ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელიც, მაგალითად, ქართულ მრავალხმიანობას წარმოადგენს, ესე იგი, რას მეუბნებით, რომ ქართული მრავალხმიანობა არ არის ქართული კულტურის ნაწილი?” და ა.შ.

მაშინ ის გაკადნიერდა და მითხრა ასეთი რამ – “თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა იცოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ სოფელი არ არის”. აქ საუბარი კიდევ უფრო დაიძაბა და რეალურად, მე წავიყვანე ეს საუბარი ბოლოსკენ და მას ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც, საქართველო არის ჩვენი ლამაზი დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის. ამით მე ვცდილობ აგიხსნათ, თუ საიდან დავიწყეთ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო მძევალი კონკრეტული ერთი ჯგუფის და აქედან ჩვენ გავთავისუფლდით”. – თქვა წულუკიანმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია