
ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია:
კაი დროსია, მაგრამ ახლა გავიაზრე მთელი სიგრძე-სიგანით, რა დღეში უნდა აღმოჩენილყვნენ 90-იანებში, მე რომ ახლა ვარ, დაახლოებით იმ ასაკის ადამიანები. მათი უმეტესობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა გამარჯვების ეიფორიაში მყოფ ქვეყანაში, უჭირდათ, მაგრამ უმაღლესი განათლება მიიღეს. ნულიდან დაიწყეს ცხოვრება და თავის შრომით მოაღწიეს ყველაფერს, დაოჯახდნენ, შვილები გააჩინეს, სად იყო მაშინ ძიძა, პამპერსი და დამლაგებელი. სხვის დაუხმარებლად გაზარდეს ბავშვები. მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ იდეალურ სახელმწიფოში არ მოუწიათ ცხოვრებამ, მაგრამ სკოლა, სახელმძღვანელოები და საზაფხულო ბანაკები უფასო იყო, სამედიცინო მომსახურებაში ფულს არ იხდიდნენ, სტუდენტებს სტიპენდია ეძლეოდათ, ტრანსპორტი, დენი და გაზი კაპიკები ღირდა, საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა და ისინიც უკეთესი მომავლის იმედით აგრძელებდნენ ცხოვრებას, მუშაობას, მოყვასის სიყვარულს, მოფერებას და შვილებზე ზრუნვას.
80-იანებში, ხმის ამოღება შედარებით უსაფრთხო რომ გახდა და ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ალბათ რა ლამაზ ფერებში ხედავდნენ დამოუკიდებელ საქართველოს და რა მწარედ გაუცრუვდათ იმედი, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავზე ჩამოექცათ ეკონომიკა, წავიდა დენი და გაზი, გაუნულდათ საბანკო დანაზოგები, დაიხურა საწარმოები, ქუჩაში დარჩენილი ადამიანები პურის რიგებში ათენებდნენ და ზოგიერთი მათგანისთვის ადამიანურად დანაყრების ერთადერთ საშუალებად ქელეხებში სიარული იქცა.
თვითონ იმ ასაკში იყვნენ, თავიდან რომ შეუძლებელია ცხოვრების დაწყება, ან იმ ბნელ წლებში, რა უნდა დაეწყოთ. და ახლა რომ წარმოვიდგენ, არაფერს, რაც ჩემი შრომით მიკეთებია, ფასი აღარ ჰქონდეს, თოვლ-ჭყაპში პურის რიგში ვიდგე ხელში გაუფასურებული კუპონებით, დახეული ფეხსაცმელებით და სახლში მშიერი შვილები მიცდიდნენ, ალბათ ხვალამდე ვერ გავატან.
გმირობა მარტო ბრძოლაში დაცემა არაა. ჩემთვის, 90-იანებში, პატარა ბავშვებით ხელში დარჩენილი ყველა დედა გმირია. როგორ გაუძლეს, რა გადაიტანეს და რის ფასად მოახერხეს შვილების დაპურება და სწორ გზაზე დაყენება, ამაზე წიგნები უნდა დავწეროთ, ფილმები გადავიღოთ და ძეგლიც უნდა დავდგათ, სადაც, ჩემი ნება რომ იყოს, როგორც ჩვენ დავყავდით სკოლიდან უცნობი ჯარისკაცის საფლავზე და ომის საშინელებებზე გვიყვებოდნენ, ისე მივიყვანდი მოსწავლეებს და საქართველოს უახლესი ისტორიის გაკვეთილს ჩავუტარებდი, ყოველგვარი მიკერძოებისა და ნაც – ქოცების ხსენების გარეშე.
P.s. პოსტი პოლიტიკური არაა, ქვეტექსტებს ნუ დაუწყებთ ძებნას. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ყველა დედა თავისებურად გმირია, მაგრამ 90-იანელები განსაკუთრებით.