თბილისში ალან ბერსეს სადავო ვიზიტის გამო ოპოზიციური ძალები ევროპის საბჭოს ქმედებისკენ მოუწოდებენ

Civil Georgia 1 დღე წინ 5
თბილისში ალან ბერსეს სადავო ვიზიტის გამო ოპოზიციური ძალები ევროპის საბჭოს ქმედებისკენ მოუწოდებენ

ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებს, იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე განსახილველად დააყენოს საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი.

20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, ალან ბერსემ მოულოდნელად წამოჭრა უცხოელი აგენტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი და მიესალმა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას კანონში ცვლილებების შეტანას დაპირდნენ. მან გამოხატა მზადყოფნა ითანამშრომლოს „ქართულ ოცნებასთან“, მათ შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის გზით.

ოპოზიციურმა პარტიებმა ბერსეს განცხადება უცხოელი აგენტების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ შეაფასეს როგორც „უპასუხისმგებლო“, რომელიც „არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას, ამ ინსტიტუციის პრინციპებსა და ღირებულებებს“.

ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციურმა ძალებმა დაგმეს ინიციატივა კანონში ცვლილების შეტანისა და მისი „გაკეთილშობილების“ თაობაზე და მას „სრულიად მიუღებელი და უადგილო“ უწოდეს. მათ ასევე დაგმეს მსგავსი ცვლილებებისთვის „არალეგიტიმური“ პარლამენტისა და მთავრობის პირობებში სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეა. „აღნიშნული კანონი, ისევე როგორც ქართული ოცნების მიერ მიღებული სხვა ანტი-დემოკრატიული და ანტი-ევროპული საკანონმდებლო ცვლილებები არანაირ კორექტირებას არ ექვემდებარება და ისინი უბრალოდ უნდა გაუქმდეს ხელისუფლების ცვლილებისთანავე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი „ღრმა პატივისცემა“ ევროპის საბჭოსა და მისი პრინციპების მიმართ და გამოხატა სურვილი ითანამშრომლოს საბჭოს ინსტიტუტებთან ამ ღირებულებების დაცვის მიზნით, „მათ შორის ქვეყანში არსებული კრიზისის დაძლევის პროცესში. ეს უნდა დაეფუძნოს უკანონოდ დაკავებული პირების უპირობოდ და დაუყონებლივ განთავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარების გარანტიებს სამართლიან და კონკურენტულ გარემოში“.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური არეულობა, მათ შორის ძალადობრივი დარბევა, უკანონო დაკავება, რეიდები და დაშინება, რომელიც, ოპოზიციის თქმით, „გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ არჩვენების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაციით, დემოკრატიული ინსტიტუტების სრული ჩამოშლით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ მიზანმიმართული საბოტაჟით“.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა აღნიშნეს, რომ ბერსე მათთან შეხვედრისას დეტალურად იყო ინფორმირებული ამ მოვლენების შესახებ. „ამის მიუხედავად, მან გააჟღერა სრულიად უკონტექსტო და უპასუხისმგებლო გზავნილები, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია