თამო კეშელავა: აღმოჩნდა, რომ “იმედმა” პოლიციის დანაშაული დამალა, ჩვენ, ხალხს დაგვიმალა, გადაიღო და არ გვაჩვენა

News.ge 6 საათი წინ 11
თამო კეშელავა: აღმოჩნდა, რომ “იმედმა” პოლიციის დანაშაული დამალა, ჩვენ, ხალხს დაგვიმალა, გადაიღო და არ გვაჩვენა
ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ანატოლი გიგაური და “იმედი” – კიდევ ერთი პროცესი, სადაც ჩანს, რომ რეჟიმი ებრძვის მოქალაქეებს.
აღმოჩნდა, რომ “იმედმა” პოლიციის დანაშაული დამალა, ჩვენ, ხალხს დაგვიმალა, გადაიღო და არ გვაჩვენა, გადაიღო და ადვოკატი მოატყუა. ეს აღარაა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ეს უკვე დანაშაულის ხელშეწყობა და თანამონაწილეობაა, “იმედი”.
ანატოლო გიგაური დააკავეს “იმედის” 8 წამიანი ვიდეოს გამო, სადაც, ჩანს, ხელს რომ კრავს პოლიციელს.
–დამარტყა მოულოდნელად სახეში და კი, ხელი ვკარი, რომ გამეწია და მეტი პროვოკაციის მოწყობა არ შეძლებოდა, თავს ვიცავდიო, – უთქვამს ადვოკატისთვის, ლაშა ცუცქირიძისთვის.
ალბათ, ბევრი გზა იყო ლაშასთვის, და თან იცი, რომ ყველა გზის ბოლოს რეჟიმი დგას და რთულია, ასეთ დროს არ დაკარგო შენი საქმის რწმენა და ბოლომდე იბრძოლო. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი სამხილი ვერ იპოვა თავიდან იმისა, რომ პოლიციელმა დაარტყა ანატოლის, მაინც ბოლომდე ისე დაიცვა მისი უფლებები, როგორც გიგაურს სწორად და მართლად მიაჩნდა. დღეს, ლაშა იხსენებს, რომ თავიდანვე მითხრა, ხევსური ვარ მე, ტყუილს არ ვიტყვი, ტყუილი არ ვიციო და სულ ეს სიტყვები მახსოვდა ამ საქმეზე მუშაობისასო.
მიმართა იმედს, ამ 8 წამიანი ვიდეოს გარდა, სხვა ვიდეოც ხომ არ გაქვთ ანატოლიზე, როგორ დაიწყო დაპირისპირება რომ გამოჩნდესო და იმედმა ურცხვად იცრუა, უფრო სწორად, დანაშაულის თანამონაწილეობა იტვირთა და უპასუხა, არა, სხვა ვიდეო არ მაქვსო.
მაშინ ადვოკატმა კიდევ ერთი, თითქოსდა და უიმედო გზა სინჯა და პროკურორს სთხოვა, გამოითხოვე იმედიდან სრული კადრებიო.
გამოითხოვა.
ალბათ, პროკურორმა არ იცოდა, რომ იმედს აქვს ეს კადრები და მალავს, უშულოდ ასეთი დეტალები, ალბათ, მასთან არ იყო შეთანხმებული, ამიტომ, როგორც ჩანს, ზემოთ გაფრთხილება არც უცდია, მასალას ვითხოვ იმედიდან და აბა, თქვენ იცითო.
როგორც ჩანს, იმედმაც რომ ნახა პროკურორის მოთხოვნა, ჩათვალა, ალბათ, ზემოთ იციან, თორემ, აბა, რატომ მოითხოვდაო.
და ჰოი, სასწაული, მიაწოდა “იმედმა” კადრები პროკურორს, ის კადრები, ადვოკატს რაზეც მოატყუა, არ მაქვსო. პროკურორმა ეს კადრები ადვოკატის თხოვნით გამოითხოვა და პირდაპირ გაუზიარა.
ხოდა, ამ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს სახეში ხელს პოლიციელი ანატოლს მოულოდნელად, მერე კი ანატოლი ხელს კრავს, არ უნდა ეკრა? აბა, უნდა გაეგდო და ეცემა? აბა, უნდა დაეგდო მიწაზე და გაებოჭა? აბა, კიდევ მცემე, ბატონო და მოდი, სხვებიც გვცემეო, ეთქვა?
თავის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის უფლება კონსტიტუციით აღარ გვაქვს?
ჰყვება თავად, თავიდან, წამიერად, ხელის დარტყმაც მინდოდა პასუხად, თავის შევიკავე და მხოლოდ ხელი ვკარი, რომ გამეწიაო…
ხო, მისი მოხვედრილი ხელი რომ მოხვედროდა, კაცმა არ იცის, რა მოუვიდოდა და ალბათ, ამიტომაც დაზოგა.
მხოლოდ თავდასხმის მოგერიება სცადა.
7 წლამდე ციხე ემუქრება ამის გამო,
ვინც ამას “გააპრავებს”, იმის შვილი, ძმა, მამა, დედა, და ეცემოს პოლიციელს უმიზეზოდ სახეში და თუ შეპასუხებას და ცემის მოგერიებას ეცდება, 7 წლით გაეშვას ციხეში ოცნებას და მერე ანატოლისთვის მიეწეროს ბოდიშის წერილი!
კიდევ ერთი დეტალი:
ვწერ, რომ ალბათ, პროკურორმა არ იცოდა, იმედი რომ ამ ვიდეოს მალავდა და თუ კითხვა გაგიჩნდებათ, რატომ ვაძლევ თავს ამ ვარაუდის უფლებას, გარდა იმისა, რომ არ ვენდობი ზოგადად, პროკურორმა ეს ვიდეო რომ მიიღო, სრული, სადაც ჩანს, პოლიციელი როგორ ურტყამს ხელს, ვიდეოს აღწერა და ჩანაწერი რომ გააკეთა ტექსტური, ის ნაწილი, სადაც ხელს ურტყამს პოლიციელი, არ ახსენა, გამოტოვა!!!
დანაშაული, რეალური დანაშაული დაინახა და გამოტოვა, ხალხო!!!
ანატოლი ჰყვება, სულ ვვარჯიშობდი და სულ მქონდა ოცნება, ჩემი ქვეყნის დროშა მეტარებიაო. მერე ყოფილა სპორტის მასწავლებელი და იცით, რა გაიხსენა ყველაზე დიდი მისი მასწავლებლობიდან? – ყველა ჩემი მოსწავლე ვიცი და არც ერთი გამხდარა კრიმინალი, ან მჩაგვრელიო.
ანუ, ადამიანებად რომ შედგნენ მისი მოსწავლეები, ამას თვლის თავის მთავარ წარმატებად და ათასი მასწავლებელიც რომ ფიქრობდეს ასე, ჯანდაბას, 100 მასწავლებელიც რომ ფიქრობდეს ასე, დღეს ბევრად კარგად ექნებოდა საქმე ამ ქვეყანას.
მერე, უსამართლობის გამო წამოვედი სკოლიდანო – ნეტავ, ვის უკვირს.
და გამხდარა სპეციალური ოპერაციების სპეცრაზმელი და ისეთი მძიმე შერჩევა გავიარე აქ მოსახვედრადო და ისე ამაყობს ცხოვრების ამ პერიოდით.
ახლა ქუჩაში, ხალხის და ხალხის ქვეყნის ჯარისკაცია.
ხალხისაა ახლა და ამიტომ გამოკეტეს.
ხალხის ჯარისკაცებს ებრძვიან ახლა ყველაზე მეტად.
“იმედი” თავი რომ დაირბიე, ამაზე მეტად ვერასოდეს ვერავინ დაგარბევდა.
ჯერ პოლიციელის დანაშაულის ამსახველი ვიდეო დამალე.
ვერ იტყვი, რომ შემთხვევით, რადგან ადვოკატი მოატყუე, ესე იგი, იცოდი, რა იყო მთლიან ვიდეოში და სპეციალურად მოჭერი.
უსამართლოდ, უკანონოდ დაჭერილ ხალხის ჯარისკაცს თავდაცვის საშუალება დაუმალე, ვიდეო დაუმალე შენივე გადაღებული, რათა რეჟიმს ბოლომდე ჩაეწიხლა, რათა, თავის მართლების საშუალებაც არ ჰქონოდა, თორემ, სამართალი სადღაა, არაა.
უფალი პატიმრებზე და შეჭირვებულებზე რას ამბობს და როგორ უღალატე უფალს, ეგაც ხომ იცი.
სული ბოლომდე წაიწყმიდე “იმედი” და თუ გგონია ჯოჯოხეთში ეშმაკი მონიტორთან დაგსვამს და სხვა სულწაწყმიდულთა კადრებს დაგამონტაჟებინებს, სცდები.
არა, ეს არ გაუბედეს მხოლოდ გიგაურს.
მხოლოდ მას არ დაუდეს მოჭრილი ვიდეო.
მხოლოდ მისი ცემა პოლიციის მიერ, არ დამალეს.
ანატოლი ხალხის და ხალხის ქვეყნის ჯარისკაცია.
შესაბამისად, ჩვენ, ხალხს გაგვიბედა ეს “იმედმა”, ჩვენ და ჩვენს სამშობლოს გაუკეთა ეს სიბილწე.
რეჟიმის რიგითმა პროკურორმა რომ ვერ მოიფიქრა, ის ქნა იმედმა.
რეჟიმის რიგით პროკურორზე მეტი დააშავა და რეჟიმის პროკურორზე მეტად ბინძური, ბოროტი, კანონდამრღვევი მოახერხა ყოფილიყო.
კი, იმედი არის რეჟიმის თანამონაწილე.
ანატოლის საქმეში კი, სულაც შემოქმედია და პირიქით, პროკურატურა იყო ანატოლის საქმეში, იმედის დანაშაულის თანამონაწილე.
ანატოლ გიგაურმა უკვე დაამტკიცა თავისი სიმართლეც და თქვენი დანაშაულიც.
თუმცა, ამ კადრების გარეშეც ხომ ვიცოდით, რაზე ხართ წამსვლელნი.
და უთქვამს, პროკურორი არის წვეთი წყლით სავსე ვედროში და მე ვარ ნიავი, რომელიც ამ წვეთს ამოაშრობსო.
ეს ძალა აქვს თითოეულ ადამიანს.
მეც ნიავი ვიქნები.
არ მაქვს უფლება არ ვიყო.
და შენც არ გაქვს უფლება, არ იყო ნიავი, თუ ადამიანად გინდა დარჩენა.
და ბევრი ნიავი ერთად რომ ქარიშხალია, ეს “იმედმა” იცის, რომ იცის, იმიტომ დამალა და დაჭრა ვიდეო…
ბევრი ნიავი ერთად რომ ქარიშხალია, “იმედისთვის” არ ვამბობ ამას, ჩვენთვის ვამბობ, ანატოლის თანანიავეებისთვის.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!
სრულად წაიკითხეთ სტატია