
8 ბიჭის საქმეზე დღეს, სასამართლო პროცესზევე გაითხარა ახალი “საფლავი” პროკურატურამ და ისევ არ ჩაწვა…
–მტკიცებულება მაქვსო, – დღეს დააბრეხვა.
–გვაჩვენეთო.
–არა, ჯერ მე უნდა ვნახოო.
საუბარია “მტკიცებულებაზე” რომელიც, გამომძიებლის მტკიცებით, თავად ჩამოტვირთა ფეისბუქიდან, ცუკერას ხარჯზე გადიან.
ხოდა, 4 დეკემბრიდან მაქვს ჩემს პირად კომპში, მაგრამ, არ მინახავს და მოდი, ჯერ მე ვნახავ, აქვე და მერე თქვენ გაჩვენებთო, მართლა ასე თქვა და ქნა.
ყურსასმენი გაიკეთა, უნდა მოვუსმინო ჯერ მეო.
პროკურორმა, ეს ვიდეო არც მე მაქვს ნანახიო.
ნანახი თუ არ ქონდათ, რა იციან რომ მტკიცებულებაა და თუ მტკიცებულაც არ ქონდათ ნანახი, მუხლი როგორ დაადგინა პროკურატურამ? გადაძახებით? დაჟინებული მზერით?
ყვება ახლა ეს გამომძიებელი, რომ აქ, ამ ვიდეოში საუბრობენ ბიჭებიო, რომ ზეთი ხომ არ დავასხათ, ფეხი აუცურდება სპეცრაზმი რომ გამოიქცევაო – ანუ, თუ ეს საუბარი მართლაც შედგა, თავის დაცვაზეა საუბარი და არა თავდასხმაზე, სადმე გაგიგიათ, ხალხო, იმ კარტოფილის შესაწვავი ზეთით, ბიძინა რომ არიგებდა არჩევნებზე და აღარც მაგას არიგებს, თავს დაესხას ვინმე ვინმეს?
საბრობენ ფარების გაკეთებაზეო.
ფარი თავდასხმის საშუალება, თუ თავდაცვის?
კოცონის დანთება უნდოდათ გათბობისა და გაშრობისთვისო…
ადამიანების გაშრობა და გათბობა სპეცრაზმისთვის ნამდვილი თავდასხმაა კი, რადგან აღარ დაცივდებიან, აღარ დაეყრებიან სახლებში…
ანუ, გამომძიებელმა და პროკურატურამ ილაპარაკა იმაზე, როგორ მსჯელოდნენ, თურმე, ადამიანები თავის დაცვაზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ პოლიცია და სპეცრაზმი ადამიანებს, მშვიდობიან აქციაზე არბევდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ადამიანებს თავი, სიცოცხლე, ჯანმრთელობა ჰქონდა დასაცავი სახელმწიფო ინსტიტუტებისგან.
ხო, კიდევ, პოლიციელებს გიენები დაუძახესო, ეგ რა არის, ბატონო, შს მინისტრი “კლიჩკით” აწერს ხელს წერილებს და “გეკა”–ს ეძახის თავს.
გიენები ხართ, აბა, რა ხართ, ნაწილ–ნაწილ ესხმოდით თავს ადამიანებს და იტაცებდით, აბა, მგელი მაგას არ იკადრებს.
ხოდა, მოქმედება სადააო ადვოკატმა იკითხა და გამომძიებელმა მე დავიღალეო…
რამ დაღალა? უსამართლობამ? ტყუილმა? ადამიანად დაბადებული გიენად ცხოვრება? – ხო, რა ვიცი.
ვიდეოზე დაუდიათ ტიტრები და გამომძიებელი ეკითხება, დამონტაჟდა ვიდეო? ნებისმიერი მოქმედება მასზე მონტაჟია და ტიტრები ვინ დაადოო? – და არ ვიციო…
ვიდეოზე, რომელზეც ამბობს რომ თავად მოიპოვა, შენახული ქონდა მის კომპში, ვიდეოზე, რომელსაც მთავარ მტკიცებულებად წარადგენს, არ ვიცი ტიტრები ვინ დაადოო.
ილოცა და ამ გზით გამოესახა? – გეფიცებით, თუ გამიკვირდეს, ეგაც რომ ღმერთს დააბრალონ, ისედაც, ყველაფერს ხომ ღმერთს აბრალებენ ურცხვად.
ანუ, ვიდეო გატიტრეს, იმის არ იყოს, დანა რომ არ ფიგურირებდა საქმეში და ვიდეოში დანა რომ “მიახატეს” 17 წლის ბიჭს!
ახლა ვიდეო გატიტრეს და თუ ჩატარდა ექსპერტიზა, რომ დადგინეს, ნამდვილად იმას ამბობენ, თუ არა, რაც ტიტრებშიაო და პროკურატურამ და შსს–მ, წარმოიდგინეთ და ამდენ ექსპერტიზას რას გავაკეთებთო…
ამდენ ადამიანს იჭერენ მტკიცებულების გარეშე და ამდენ ექსპერტიზას რას გავაკეთებთო…
გიენებზე უარესები არ არიან, ხალხო?
და ამ ვიდეოს, რომელიც კაცმა არ იცის რაა, ვისია, ვინაა მასზე, რას ამბობს, რომელზედაც გამომძიებელი და პროკურორი ამბობენ, რომ არც კი გვინახავს აქამდეო, რომელზედაც თავად თქვეს, ვერ ვცნობთ სრულად ვინ ვინაა, აი, ამ ვიდეოს გამო დაიჭირეს 8 ადამიანი?
და ეს გგონიათ სამართალი?
და სულ რომ სიტყვა–სიტყვით ის იყოს ამ ვიდეოში, რასაც “დაღლილი” გამომძიებელი ამბობს, თავს რომ გესხმიან და თავის დაცვას ცდილობ, ეს როდის მერე გახდა დანაშაული?
ნინო დათაშვილიც მაგ ფრაზის გამო დაიჭირეს, თავს ვიცავო რომ უთხრა მანდატურებს, რომლებიც კანონს და მის უფლებებს არღვევდნენ.
ერთადერთი რაც ამ ტიტრებით მტკიცდება, ისაა, რომ რუსთაველზე მშვიდობიანი მომიტინგეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა იყო საფრთხის ქვეშ და რომ ადამიანებს სჭირდებოდათ დაცვა სპეცრაზმისგან და როგორი ბრიყვია პროკურორი, იმას რომ ვერ ხვდება, ვის წინააღმდეგაა ეს ტიტრები.
ამდენი თვეა პროტესტია, ამდენი ადამიანი დაიჭირეს და ერთი იარაღი ვერ იპოვეს წამლად, ერთი ცალი იარაღიც ვერ იპოვეს, ერთ იარაღზეც კი ვერ ისაუბრეს.
თავდასხმა რომ მათგან მოსულა – ეგ უნდა დაკანონებული აქვთ, ახლა იმას აკანონებენ, რომ თავის დაცვაც დასჯადია.
ლაზერი რომ აკრძალეს და ფოიერვერკი, ეგ ხომ მაშინაც გვითხრეს?
არაფრის გამო რომ ჩაყარა ციხეში 8 ადამიანი, ერთი მტკიცებულებაც რომ არ აქვს, ერთი ექსპერტიზაც რომ არ ჩაატარა, იმ საქმის გამომძიებელი რომ ამბობს დავიღალეო, ეს არის ამ საქმის მთავარი მორალი, ალბათ.
ისე, მართლა დაიღალნენ, კი.
თავად გვცემეს, თავად დაგვიჭირეს, თავად გაგვტროლეს, თავად მოგვიგონეს სიბინძურე და თავადვე დაიღალნენ.
ასეა, ბინძური საქმე დამღლელია.
აბა, რუსთაველზე კი დგას დაუღლელი ნადი საქართველოსი.