ზურაბიშვილი: ტრამპის მიერ აღწერილი ამერიკა სწორედ ისაა, რაც საქართველოს სჭირდება

Civil Georgia 4 საათი წინ 7
ზურაბიშვილი: ტრამპის მიერ აღწერილი ამერიკა სწორედ ისაა, რაც საქართველოს სჭირდება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც 21 იანვარს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაში, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებასა და ქვეყანაში რუსეთის გავლენაზე ისაუბრა, ასევე ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკის მიმართ იმედები გამოთქვა.  

მან განაცხადა, რომ როდესაც აშშ-ის ახალი კაბინეტის რამდენიმე წევრს შეხვდა, მისი „მთავარი გზავნილი“ მათთვის ის იყო, რომ საქართველოს „ახლა როგორც არასდროს“ სჭირდება აშშ-ის ყურადღება. მან საქართველოში არსებულ კრიზისს „ეგზისტენციალური“ უწოდა.

ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ „ყოველთვის ორპარტიული იყო“, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ ელის რაიმე ცვლილებას საქართველოსთან მიმართებით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების არაღიარების მნიშვნელობას, რომლის პირობებშიც, მისი თქმით, ქვეყანას „აღარ აქვს არცერთი ინსტიტუტი“. ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა: „მე ვერ ვხედავ ამერიკის მთავრობას, რომელსაც შეუძლია მეგობრად და პარტნიორ ქვეყნად მიიღოს ის, ვინც მეგობრობს ხან ჩინელებთან, ხან ირანთან, ხან ზოგიერთ ტერორისტულ დაჯგუფებასთან“.

„ვფიქრობ, ამერიკა, რომელსაც ის [დონალდ ტრამპი] აღწერს და ამერიკის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ის აღწერს, როგორც ძლიერ ამერიკას… ამერიკა, რომელიც არის ეფექტური და აქტიური მოქმედებაში – ეს არის ამერიკა, რომელიც საქართველოს ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს მოქმედება უფრო სჭირდება, ვიდრე სიტყვები.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველი პარტია ცდილობს თავისი ტრადიციული ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების „ალტერნატივების“ პოვნას რუსეთში, ჩინეთსა და ირანში. „ეს დიდი შეცდომაა”, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთი ცდილობს დაიბრუნოს თავისი პოზიციები რეგიონში“, და ივარაუდა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარების შემდეგ მოსკოვმა გაზარდა ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოს მმართველ პარტიაზე. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რიტორიკა ქვეყნის დასავლელი მეგობრების მიმართ „უფრო აგრესიული“ გახდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებაზეც“ ისაუბრა. მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის გზიდან გადახვევის შესახებ მისი გადაწყვეტილება „მცდარი გათვლა“ იყო თავად მმართველი პარტიისთვის. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მცირე საპროტესტო გამოსვლები დაინახა არჩევნების შემდეგ, ეგონა, რომ მას შეეძლო „ახალი მოძრაობის პროვოცირება“, რათა „ჩაეხშო ის და ყველაფერი წლის ბოლომდე დაესრულებინა“, რაც არ მოხდა.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების შეწყვეტის ნიშნები არ შეინიშნება, ხოლო „რეჟიმის დაშლა დაწყებულია“. მისი ვარაუდით, რეჟიმის დაცემას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს და ამასობაში ქვეყანა შეიძლება დაზარალდეს, მათ შორის სანქციების ეკონომიკური შედეგებითა და ზოგადი იზოლაციით.

სრულად წაიკითხეთ სტატია