ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

Civil Georgia 2 კვირის წინ 16
ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 მაისს პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. გუშინდელი დაძაბული სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მის გარშემო პოლიციის მობილიზაციის ფონზე გაიმართა. სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს ტელევიზიების გადამღები ჯგუფები კამერებით. სხდომას, რომელიც პატარა დარბაზში გაიმართა, რომელიც დაახლოებით 15 ადამიანს იტევდა, ორი დიპლომატი დაესწრო ჩეხეთისა და შვედეთის საელჩოებიდან, ასევე Amnesty International-ის წარმომადგენელი. დასასწრებად ასევე მივიდნენ სხვა დიპლომატებიც, მათ შორის გერმანიისა და აშშ-ის საელჩოებიდან, თუმცა ისინი სივრცის სიმცირის მოტივით დარბაზში არ შეუშვეს.

„სამოქალაქო საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრების თაობაზე საერთაშორისო გამოხმაურებებს გთავაზობთ.

დენ ბარნა, ევროპარლამენტარი, Renew Europe-ის ვიცე-პრეზიდენტი: „ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს პრორუსული ხელისუფლების ოპოზიციის ლიდერი და ჩვენი ევროპული ოჯახის პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელი, ყალბი პოლიტიკური სასამართლო პროცესის შედეგად დააკავეს. დემოკრატია, თავისუფლება და საქართველოს მოქალაქეების უფლებები საფრთხეშია. პრორუსული ხელისუფლება მიზნად ისახავს პროევროპული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განადგურებას და პროევროპული ხმების ჩახშობას… ჩვენს ევროპულ ლიბერალურ ოჯახთან ერთად… ჩვენ მხარს ვუჭერთ მოწოდებას საქართველოს ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლების შესახებ“.

ჯო უილსონი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე: „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა ოპოზიციის მთავარი ფიგურა ზურაბ ჯაფარიძე და ყველა ოპოზიციონერის დაკავების პრეცედენტს ქმნის. მასობრივი ესკალაცია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემის შემდეგი ნაბიჯია.“

რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტის წევრი: „„ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკე კიდევ უფრო მწვავდება. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაიკვეთა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები ახლავე უნდა დაასანქცირონ“.

პეტრას აუსტრევიჩიუსი, ევროპარლამენტის წევრი: „საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. „საპარლამენტო კომისიასთან“ თანამშრომლობაზე, ის დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს“.

მარკო მიხკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „დღეს, საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლიანობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ, როდესაც უკანონოდ დააკავა ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე სულ რამდენიმე დღით ადრე, დროა, დემოკრატიული ერები გასცდნენ სიტყვებს, სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს და მხარი დაუჭირონ თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს მომავლის დაბრუნებაში. გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი საქართველოში!“

ევგენია კრავჩუკი, ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი: „როგორც პარტია ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი, ვუერთდები ALDE-სა და მთელი ლიბერალური ოჯახის მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მისი პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება დემოკრატიაზე უხეში თავდასხმაა და საქართველოში ავტორიტარული უკუსვლის კიდევ ერთ საგანგაშო ნიშანს წარმოადგენს. უკრაინას კარგად  ესმის ქართველი ხალხის ბრძოლის – თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე, სანამ ეს მომავალი რეალობად არ იქცევა“.

ნატალი ლუაზო, ევროპარლამენტის წევრი: „საქართველო ახალ ბელარუსად იქცევა? ჩვენ რას ვაკეთებთ?“

„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE), „ლიბერალური ინტერნაციონალისა“ და PACE-ში ALDE-ს პოლიტიკური ჯგუფის ერთობლივი განცხადება: „მკაცრად ვგმობთ ჩვენი წევრი პარტიის – „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაპატიმრებასა და სხვა პოლიტიკოსების მიმართ დაკავების საფრთხის არსებობას. იგი გაასამართლეს ყალბ პროცესზე, დახურულ სასამართლოში, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის დასწრებაზე ნებართვის მიცემის გარეშე და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სახელმწიფო მაუწყებელს შეეძლო პროცესის გადაღება. ეს ის პირობებია, რომელშიც პოპულარულ ლიბერალ პოლიტიკოს ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ ის მამაცურად დაუპირისპირდა პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიას, რომლის გრძელვადიანი ამბიცია საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობაა. საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების მუდმივი ეროზია სავალალოა. ჩვენ ამ უკანასკნელ ნაბიჯს კიდევ ერთ დასტურად მივიჩნევთ იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეშინებულია მიმდინარე დემონსტრაციებისა და მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის გამო. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჯაფარიძე, მოხსნას მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რასაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს“.

ჯეიმს მაკკლირი, ბრიტანელი დეპუტატი: „საქართველო აგრძელებს პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ ფერდობზე სიარულს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა გაათავისუფლონ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და მისმა ოლიგარქმა მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ზღვარი გადაკვეთეს. ამას დიდი ბრიტანეთის მთავრობის სანქციები უნდა მოჰყვეს“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია