გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა 15 მაისს განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მის კანდიდატურას მხარი მას შემდეგ აღარ დაუჭირა, რაც მან თავისი საარჩევნო კამპანიისთვის საქართველოს ყოფილი ელჩი ჩეხეთში თეა მაისურაძე დაასაქმა.
ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ თავდაპირველად მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას 25 იანვარს, და წერილიც კი გაგზავნა, რომელშიც ის „ტურიზმის სფეროს გენიოსად“ იყო მოხსენიებული. თუმცა, მოგვიანებით მხარდაჭერაზე უარი თქვეს.
პოლოლიკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მის მიერ მაისურაძის დასაქმებას დაუკავშირა, რამაც, მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ „ისტერიკა“ გამოიწვია. პოლოლიკაშვილის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ, მაისურაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მან უარით უპასუხა და აღნიშნა, რომ მაისურაძესთან რვა წლის განმავლობაში მუშაობდა.
მისი თქმით, დავამ მაისურაძეს ნებაყოფლობით გადადგომისკენ უბიძგა. პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ მისი ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“ გაუარესდა და პარტიამ შეწყვიტა მისთვის საარჩევნო კამპანიისთვის ხმების შეგროვებაში დახმარება.
42 წლის მაისურაძე ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2024 წლის 2 დეკემბრამდე იკავებდა. შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და იმ დიპლომატებს შეუერთდა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობები დატოვეს.
მაისურაძე პოლოლიკაშვილის ინტერვიუს 16 მაისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს“.
მან ასევე უარყო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევა არ იქნებოდა „დემოკრატიული“ და აღნიშნა: „მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა დასაშვებია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და შესაბამისი პრეცედენტიც არსებობს“.
პოლოლიკაშვილი „ქართული ოცნების“ სავარაუდო გარიგებაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან
როდესაც პოლოლიკაშვილს ჰკითხეს, უკავშირდებოდა თუ არა მისი კანდიდატურის მოხსნა „ქართული ოცნების“ სავარაუდო გარიგებას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროების კანდიდატის მხარდაჭერას ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაშემწის, გიორგი ბაჩიაშვილის ექსტრადიციის სანაცვლოდ, რომელიც შესაძლოა ამ ქვეყანაში იმყოფებოდეს, მან განაცხადა, რომ არ სურს „ჭორაობა“.
„მე არ ვიცი ვისში, რაში გამცვალეს და მაგას ვკითხულობ – რატომ გაცვალეს? ბაჩიაშვილის [ექსტრადიციაში] თუ მე მცვლიან, არ ვიცი, ეგ კიდევ ცალკე უბედურებაა, მე რომ მკითხოთ, – თუ ეს ასე ხდება”, – განაცხადა მან.
ინტერვიუს დასასრულს პოლოლიკაშვილს ჰკითხეს, თუ რატომ არ გააკეთა კომენტარი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, რაზეც მან პასუხის გაცემაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი მიზანია გაიგოს, თუ რატომ მოხსნეს მისი კანდიდატურა, რის ფასად და რატომ გაკეთდა ეს ასე ჩუმად.
ასევე წაიკითხეთ: