ტელეკომპანია “იმედში” მომღერალმა ზურა მანჯავიძემ იმ ე.წ. ბულინგზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის პოლიტიკის გამო წარმოიშვა… ამ სატელევიზიო ეთერს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
AMBEBI.GE მუსიკოს და ტელეწამყვან ზურა მანჯავიძეს ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე ესაუბრა.
– ზურა, როგორ შეხვდით პრემიერ მინისტრ კობახიძის განცხადებას, რომ ქვეყანა 2028 წლის ბოლომდე ევროინტეგრაციის საკითხს აღარ განიხილავს?
– ეს არასწორი ინტერპრეტაციაა… მე, როგორც თქვეს, ისე გავიგე, – რადგან 2028 წლამდე თვითონ არ გვიხსნიან დიალოგს, ჩვენ არ შეგეხვეწებით, არ გთხოვთ დიალოგის გახსნას. მანამდე მეტად მოვემზადებით, რომ 2030 წლისთვის მაინც, კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა. ადამიანი რომ გეუბნება, 2030 წლამდე კარზე ნუ დამიკაკუნებ, თან აქეთ შარს გდებს, შენ რატომ არ მეხვეწებიო, ამ ამბავმა ცოტა თავმოყვარეობაზე უნდა იმოქმედოს.
– და ამ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ?
– ადამიანი გეუბნება, რომ 2030 წლამდე არ მიგიღებ, როგორც მავანი იტყოდა, ცალ ფეხზეც რომ დადგე, კარი დაკეტილიაო. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, რადგან დიალოგს არ გვიხსნიან, ამიტომ მთავრობამ თქვა, 2028 წლამდე აღარ გთხოვთ, არ მოვალთ, არ აგიტალახებთ კარს, არ შეგევედრებით, რომ დიალოგი გაგვიხსნათ. ამ თხოვნით 2028 წელს მოვალთ, რომ უფრო მომზადებული ვიყოთ, ეკონომიურად გაძლიერებული და თუ სურვილი გექნებათ, დიალოგი მერე გაგვიხსენით, რომ 2030 წლის შემდეგ მაინც განიხილოთ ჩვენი შეყვანა ევროკავშირში… მგონი, მარტივი იყო და ამხელა ამბავი არ უნდა მოჰყოლოდა.
– და ეს ხალხი, ამ დღეების მანძილზე ქუჩაში ტყუილად დგას?
– მაგათ სხვანაირად გაიგეს, მე ასე გავიგე. ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში. ვინც როგორ გაიგო, იმის მიხედვით აკეთებს დასკვნას.
– ე.ი. ხალხმა არასწორად გაიგო?
– ან რისი გაგებაც უნდა ის გაიგო. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არც მივაყენებ, ყველას თავის აღქმები აქვს, თავის გაგება, შეგნება და იმის მიხედვით მოქმედებს. მე ასე გავიგე, ვინც როგორ გაიგო, ისე გააკეთოს.
– 28 ნოემბრის შემდეგ, პირველი 2 კვირა ძალიან მძიმე იყო. უამრავი ადამიანი დაშავდა, დაზარალდა, ნაცემია, დასახიჩრდა, დააკავეს… როგორი იყო იმ დღეებში, ზურა მანჯავიძის, პატრიოტი ქართველის ემოციები?
– ძალიან ცუდი საყურებელია ზოგადად ქართველების დაპირისპირება, როგორი საწინააღმდეგო მოსაზრებებიც არ უნდა ჰქონდეთ. წესით, ერთმანეთში უნდა ვნახულობდეთ იმის ძალას, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და არ დავუპირისპირდეთ. ძალიან საშინელი საყურებელია და გულზე მხვდება თითოეული მოხვედრილი მუშტი, ფეხი, ქვა თუ ხელკეტი – ყველანაირი დაპირისპირება ძალიან ცუდი საყურებელია… სამწუხაროდ, საქმე ამ დონემდე მივიდა.
– ჟურნალისტებზე თავდასხმას მინდა, შევეხოთ, კერძოდ, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორ გიორგი შეწირულზე. „იმედის“ ეთერში ამ თემას განიხილავდით. კადრებში კარგად ჩანს, რომ ჟურნალისტი, ქალი სასიკვდილოდაა გამეტებული…
– რა თქმა უნდა, საშინელებაა ის კადრები, ძალიან ცუდი საყურებელია. იმ გადაცემაშიც აღვნიშნე, რომ სასწრაფოდ გამოსაძიებელია და დასაკავებელი ის მოძალადე ადამიანები. ყველა დაზარალებულს სოლიდარობას ვუცხადებ, ორივე მხრიდან, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა.
– ორივე მხრიდან – ამაში რას გულისხმობთ?
– ამას ახსნა უნდა? პოლიციელები დაზარალებული არ არიან? ისინი ხალხი არ არიან და იმათ არ სტკივათ?! თუ არ არიან ისინი დაზარალებული?!
– “ნაციონალური მოძრაობის” დროს თქვენც იყავით აქციების მონაწილე, აპროტესტებდით მაშინდელი მთავრობის პოლიტიკას და ეწინააღმდეგებოდით ხელისუფლებას. ამის გამო თავდასხმის ობიექტი თქვენს ძმასთან ერთად თვითონაც ყოფილხართ. ასეთი ძალადობა საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი…
– ამიტომაც აღვნიშნე, რომ სასწრაფოდ უნდა მოიძიონ და დააკავონ მოძალადეები, ნიღბიანები, ვინც თავს დაესხნენ იმავე ჟურნალისტებს, იმ ქალბატონს განსაკუთრებით და ოპერატორს. აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული და უნდა იყვნენ დაკავებულები. რა თქმა უნდა, საშინელებაა… შედარებითი დახასიათება არ მინდა, გამომივიდეს, რა ხდებოდა მაშინ და რა ხდებოდა ახლა. ჩვენ ვიდექით სრულიად მშვიდობიანად, მართლა ფოთოლი არ ჩამოვარდნილა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ აქციებზე. ბოლო დღეებში, როდესაც მომიტინგეები მშვიდობიანად დგანან და პოლიციელებს ქვებს არ ესვრიან, ძალადობრივ ქმედებებს არ მიმართავენ, არავინ მათ თავს არ ესხმის და მომიტინგეები იქ თავისუფლად გადაადგილდებიან…
ჩვენ მაშინ არავის ვესხმოდით და მაინც გვიტაცებდნენ, გვასახიჩრებდნენ, ამის კადრები არსებობს. ამირან ბიწაძე სიკვდილის პირას იყო მიყვანილი, ვალერი გელაშვილზე აღარაფერს ვამბობ. მომიტინგე ალექსანდროვის ბაღში ჩაივლიდა თუ არა, ხროვად დაესეოდნენ და სიკვდილამდე მიჰყავდათ. არადა, მშვიდობიანად მდგარი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ხელჯოხიც არ ეჭირათ. მაშინ რომელიმეს კენჭის სროლაც კი რომ გაებედა, რა დაემართებოდა, ამის წარმოდგენა რთული არ არის. მერე როგორი ულმობლობით გამორჩეოდნენ დაკავებისას და შემდეგ საპატიმროებში ადამიანებს რა დღეში აგდებდნენ, ამის კადრები თუ არ აქვთ ნანახი, ადვილია მოძიება… ახლა ამ დაკავებულებიდან ერთი გამოვიდეს და თქვას, რომ საკანში ვინმე სცემს.
– კი, ჰყვებიან ისინი, რომ დაკავების შემდეგაც სცემეს.
– დაკავების შემდეგ, კამერაში სცემეს ვინმე? ახლა ეს არის სრული ტყუილი…