
მედიცინის აკადემიური დოქტორი ზვიად კირტავა, რომელიც სოლომონ თერნალელის ბლოგით აქტიურად აკრიტიკებდა ენმ-ს ხელისუფლებას, ეხმაურება მზია ამაღლობელის განაჩენს.
“ჩემი აზრით, სამართალი, რაოდენ გასაოცრად უნდა ჟღერდეს, არსებობს სამართლიანი და… უსამართლო. უსამართლო მგონია სამართალი, რომელიც კი ეყრდნობა სამართლებრივ ნორმებსა და პროცედურებს, მაგრამ არ ეყრდნობა საღ აზრს (common sense). ამიტომ ყოველთვის შეიძლება ამტკიცო, რომ კონკრეტული განაჩენი სამართლებრივად სწორი იყო, მაგრამ თუ ის საღ აზრს არ ეყრდნობა, მისი ასრულება კი არ იქნება “სამართლიანობის ზეიმი”, არამედ, პროცედურული ნორმების და მტკიცებულებების სკურპულოზურად შესწავლა და იმის აღმოჩენა, სად იყო დაშვებული ან შეცდომა, ან გაყალბება, ან რომელი ნორმა არის უაზრო და შესაცვლელი.
მოზრდილი მამაკაცის ლოყის აწვა და გაწითლება ქალის მიერ გაწნილი სილის შედეგად, ჩემი აზრით, არ უნდა განიხილებოდეს “ფიზიკურ დაზიანებად”.
ხოლო თუ ქვეყნის იურისპრუდენცია თვლის, რომ პოლიციელისთვის (ან სულაც, ზოგადად, – საჯარო მოხელისთვის) არამცთუ სილის გაწვნა, არამედ მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაც კი პატიმრობით უნდა ისჯებოდეს, მაშინ ეს ასეც უნდა ჩაწეროთ კანონში, ბატონებო… თუმცა არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც საქართველოში პოლიციელისთვის მიყენებული სერიოზული ფიზიკური დაზიანებების მიუხედავად, რომლებითაც მათ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა, ან სულაც, – სიცოცხლის რისკიც კი შეიქმნა, და მაინც, ამ შემთხვევებში, დამრღვევის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. https://publika.ge/saia-amaghlobeli-ukanono-patimrobashi…/
სხვათა შორის, ის რაც წეღან ვახსენე – საჯარო მოხელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, აღარ არის მხოლოდ დიქტატურებისა და არადემოკრატიული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი რეალობა. სულ ახლახანს, 2025 წლის 2 ივლისს, დემოკრატიის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმოამდგენელმა ქვეყანამ – შვედეთმა, მიიღო სწორედ ასეთი კანონი, რომლის მიხედვით საჯარო (სამედიცინო პერსონალის, მასწავლებლის, მოხელის., პოლიციელის…) მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისათვის პირი შეიძლება დაისაჯოს 6 თვემდე პატიმრობით! ამ კანონის პრეამბულაში ჩაწერილია, რომ შევედეთში ძალიან სერიოზულ პრობლემად იქცა მსგავსი შემთხვევები. თუმცა მიუხედავად ამისა, კანონი, უმკაცრესი კრიტიკის საგნად იქცა… https://monocle.com/affairs/swedens-new-law/
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შვედეთი ის ქვეყანაა, რომელიც თავად ძალიან მკაცრად იცავს აღნიშნულ მოხელეთა უფლებებს, კერძოდ, სამსახურიდან უსაფუძვლოდ განთავისუფლების დაუშვებლობის, მათი საჩივრების სამართლიანი პროცედურული განხილვისა თუ სახელფასო/სატარიფო კომპენსაციებისა და სხვა შეღავათების განუხრელად დაცვით.
ასე რომ, სანამ მსგავსი კანონმდებლობა არ მიგიღიათ, მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა არის უსამართლო, ან სულაც, – უგვანო სამართალი. რომლის “გამართლებას” იმავე დღეს მეორე პატიმრის დარბაზიდან განთავისუფლება ისევე ვერ უშველის, როგორც გაფუჭებულ საჭმელს – სუნელების დამატება, ან – ლამაზი ჯამით მორთმევა…
რა უშველის ამ გლახა ამბავს, იქნებ, ამაზე დაფიქრდეთ. ან მაშინ მაინც მოიფიქროთ, როცა მთელი დემოკრატიული სამყარო მას ასევე დაინახავს და გაცილებით მკაცრად შეაფასებს. შვედეთან შედარება და აპელირება ვერ გამოვა, რადგან მათ ხსენებული კანონის მიღებამდე, რა თქმა უნდა, არავინ დაუსჯიათ…
ხოლო დაზარალებულ პოლიციელს, რომლის მიმართ აქამდე არასოდეს არაფერი მითქვამს, ადამიანურად ვურჩევდი, დაფიქრდეს იმაზე, რამდენად უღირს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში შევიდეს, როგორც კაცი, რომლის ლოყის აწვისა და გაწითლების გამო 50 წლის ქალს (მხედველობის სერიოზული პრობლემებით) 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს”.