ზაზა პაპუაშვილი: რაც ამ პოლიციას მოუთმენია ე.წ. მომიტინგეებისგან, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის პოლიციას არ აუტანია იმდენი

News.ge 2 კვირის წინ 33
ზაზა პაპუაშვილი: რაც ამ პოლიციას მოუთმენია ე.წ. მომიტინგეებისგან, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის პოლიციას არ აუტანია იმდენი

ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი: – დღევანდელი საქართველო კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც შეიძლება რომელიმე ორგანო დაუწყლულდეს ან გაუცივდეს, მაგრამ თუ სწორად იმკურნალებს და სწორ გზას აირჩევს, ყველა განსაცდელს მოერევა. იმ ურთულეს ვითარებაში, რომელშიც ახლა მსოფლიოა, საქართველო თავის უფლებებზე ლაპარაკობს. ჩვენ არც ერთ სახელმწიფოს არ ვუპირისპირდებით, პირიქით, მეგობრებს ვეძებთ, მაგრამ ამ მეგობრებმა ჩვენი მრწამსი და ტრადიციები არ უნდა შეურაცხყონ. ჩვენ ვეუბნებით მსოფლიოს, ვინა ვართ და საით გვინდა სვლა.

– რას იტყვით ოპოზიციის საჩივარზე, რომ ოქტომბრის გაყალბდა და საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიქტატურისკენ?

– ჩვენ არა გვყავს ოპოზიცია. ეს არის მეხუთე კოლონა, მოღალატეთა გუნდი, რომელსაც არაფერი აინტერესებს, გარდა საკუთარი თავისა. მათი იდეოლოგია განსხვავებულია, მათი ადრესატი ქართველი ხალხი კი არა, ვიღაც როთი, კუბილიუსი და ბორელია – ხალხი, რომელიც ხვალ-ზეგ პოლიტიკაში აღარ იქნება – აი, ეს არის სხვაობა ქართველი მოსახლეობის დიდ ნაწილსა და ამ მოღალატეებს შორის.

– თუმცა ამ არჩევნებამდე ძალიან ბევრ ქართველს სურდა, რომ ქვეყანაში ცვლილებები­ ეხილა, რომ ჩვენი ქვეყნის სათავეში ახალგაზრდობა, ახალი სახეები ეხილა.

– ჯერ უნდა დავაკონკრეტოთ, ცვლილებებში რას გულისხმობთ. ახალგაზრდობა რა, პანაცეაა? – რამდენ ახალგაზრდას იცნობთ, რომელიც ამხელა ტვირთს აიღებს და სახელმწიფოს მართავს ამ ურთულეს სიტუაციაში? მთავარი ქვეყნის სიყვარული, ერთგულება და კვალიფიკაციაა, სხვა დანარჩენი გამოგონილი ფრაზებია. რა ხდება ისეთი საქართველოში, რომ აქ არ დაედგომებათ, ან რატომ გაიძახიან, დავიღუპეთ, ჩელიაბინსკში გავიღვიძეთო. მხოლოდ ერთი რამის გამო დაიღუპნენ: სექტანტები და ავადმყოფურად მოაზროვნე ადამიანები იდეოლოგიურად დამარცხდნენ და მუქთა ტახტზე ვერ დასხდნენ.

– საზოგადოების დიდი ნაწილის გულის­წყრომა გამოიწვია პოლიციელების საქციელმა,­ რომლებიც აქციაზე გამოსულ სტუდენტებს სცემდნენ და არბევდნენ.

– თქვენ ახლა ისე ლაპარაკობთ, რომ პოლიციელები მიტინგებზე პლედებით, რძით სავსე ბოთლებითა და ნამცხვრებით უნდა დადიოდნენ, რომ აქციაზე მდგომ ხალხს­ არ მოშივდეს ან არ შესცივდეს. რაც ამ პოლიციას მოუთმენია ე.წ. მომიტინგეებისგან, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის პოლიციას არ აუტანია იმდენი. თურმე­ მათ წყალი არ უნდა შეასხან და ხელკეტიც არ უნდა მოხვდეთ, თურმე გაზი არ უნდა გაუშვან. თქვენ გინდათ პოლიციელი “ვეფხის­ტყაოსნის” ენით ელაპარაკოს ხალხს, რომელიც მას ჯოხს ურტყამს? ახალგაზრდა კაცმა უახლესი ისტორია რომ არ იცი და იმათ გვერდით დგები, ვინც შენს ტოლებს მამები დაუხოცა, ვისაც ძველი, დანაშაულებრივი რეჟიმის აღდგენა უნდა, შენი “მოსაზრებები” უკვე არავის აინტერესებს.

– გამოსავალს თუ ხედავთ?

– გამოსავალი მხოლოდ ერთია: წესრიგი უნდა დაიცვა, მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე და ცხოვრება გააგრძელო! ჩვენ არავის ცუდი არ გვიხარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცის უმეცრებამ უნდა გაიმარჯვოს, ქვეყანა ააყირაოს და გააპარტახოს.

წყარო

სრულად წაიკითხეთ სტატია