ვიქტორ ყიფიანი: ქართულ საგარეო პოლიტიკაში ქმედითი აქტივიზმის დროა

News.ge 4 საათი წინ 5
ვიქტორ ყიფიანი: ქართულ საგარეო პოლიტიკაში ქმედითი აქტივიზმის დროა
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც News.ge ცვლელად გთავაზობთ:
ქართულ საგარეო პოლიტიკაში ქმედითი აქტივიზმის დროა:
(პირველი წერილი)
თანამედროვე მსოფლიო რეალობაში ხელახლა დადგა სახელმწიფოს როლისა და მისი ფუნქციონალური მდგენელების გადააზრების ჯერი. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ეროვნულ-ისტორიულ ფესვებზე აღმოცენებული იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ამ ნიშნით დღესაც არსებობის, განვითარებისა და ამა თუ იმ გლობალურ წესრიგთან შეწყობაზე ხვალაც ექნებათ პრეტენზია..
ასეთთა რიცხვს, მკითხველისათვის აბსოლუტურად გასაგები მიზეზით, საქართველოც მიეკუთვნება. ფაქტია ისიც, რომ არაპროგნოზირებადი გლობალური თუ რეგიონალური საერთაშორისო და უსაფრთხოების კონტექსტის გამო, ეს ამოცანა მეტად რეალურ და პრაქტიკულ გამოწვევად გვესახება: როგორ განვაგრძოთ განვითარება და როგორ ვიქცეთ მოდერნიზებულ ქვეყნად ისე, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს გამორჩეულ ისტორიულ წარსულს და არ გავფანტოთ ჩვენი ეროვნული ცნობიერება და იდენტობა..
თემა იმდენად ღრმაა, რომ არასერიოზული იქნება გამოწვევის „ერთი ჩარბენით გაანალიზება“. ამიტომ, ამ დიდი თემის ერთ მეტად კონკრეტულ, მის ინსტიტუციურ შემადგენელზე შევჩერდები..
დღეს საკამათო არ არის, რომ ქვეყნის გამართული ფუნქციონირება სახელმწიფო ინსტიტუტების სწორ მუშაობაზეა დამოკიდებული. სახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე ესა თუ ის სუბიექტი თავისი ინსტიტუციონალური მოწყობის ხარჯზე ამყარებს ორ უმნიშვნელოვანეს კავშირს: ერთი მხრივ – საკუთარ მოსახლეობასთან, ხოლო მეორე მხრივ (და ამავდროულად) – საერთაშორისო აუდიტორიასთან. სახელმწიფო სწორედ ფორმალურ ინსტიტუტებში ელექტორატის ნების განსხეულებით იძენს კონკრეტულ დანიშნულებასა და ფუნქციონალს; ხოლო რაც უკეთეს კონდიციაშია მისი ინსტიტუტები, მით ანგარიშგასაწევი და პატივსადებია კონკრეტული ქვეყანა, მით უფრო კონკურენტუნარიანია იგი აწმყოსა და ახლო მომავალში..
აქაც ჩვენი ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვან, ერთ კონკრეტულ ინსტიტუციონალურ ასპექტზე – მისი საგარეო-პოლიტიკური მიმართულების პრინციპებზე ვისაუბრებ..
ზოგადად, საგარეო დღის წესრიგი იმ კატეგორიის თემაა, რომელის შეფასება, პრაქტიკულად, არავის ეზარება და საამისოდ მზადყოფნას, ფაქტობრივად, ნებისმიერი აცხადებს. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, გაცილებით საზიანოა, როდესაც საუბრობენ ისინი, ვისაც საგარეო სამსახური მხოლოდ დასაქმების, პირადი კარიერული მარკეტინგის საშუალებად ან პოლიტიკურ-პარტიული მსახურების ასპარეზად წარმოუდგენია. ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება ანგრევს საკუთრივ საგარეო სამსახურს, უკლავს ჯანსაღი მიზიდულობის პერსპექტივას მომავალი თაობის თვალში და, როგორც შედეგი, ასუსტებს ქვეყნის საგარეო პოზიციებს, რაც, თავის მხრივ, მეტად მოწყვლადს ხდის მის საშინაო მედეგობასაც..
პროფესიონალურ საგარეო სამსახურთან მჭიდრო უშუალო შეხება რეალურად არასდროს მქონია. ამდენად, აქ გადმოცემული მოსაზრებები მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხების „თვითსწავლების“ რეჟიმში შეძენილ ცოდნას უკავშირდება, ისე როგორც ამ ცოდნის სხვადასხვა პრაქტიკულ ასპექტებში გამოყენებასა და დაკვირვებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკითხის სამსჯავროზე გამოტანა განაპირობა იმის გარკვევის საჭიროებამაც, თუ სად იმყოფება დღესდღეობით ქართული „ფორინ ოფისი“ (საგარეო უწყება) და როგორი უნდა იყოს მისი სწორი გადაწყობისა და ხელშესახები შედეგიანობის ინდიკატორები. ხოლო, მიმდინარე პროცესების ფონზე, განსაკუთრებით საჭირბოროტოა დაიწყოს რეალური და უკომპრომისო განხილვა იმ ინსტიტუტის რაობასა და ხვალინდელ დღეზე – ინსტიტუტისა, რომელიც, – წესითა და რიგით – საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესის უმთავრესი გამხმოვანებლის და გამტარებლისა ფუნქციას უნდა ატარებდეს. წესითა და რიგით..
შესავალში „ფორინ ოფისი“ გამოვიყენე, რაც შემთხვევითი არ არის. საქმე ისაა, რომ თანამედროვე სახელმწიფოს იერსახესა და მის შინაარსთან ერთად ასევე იცვლება წარმოდგენა სახელმწიფო ფუნქციების განმახორციელებელ საჯარო ინსტიტუტებზე. ქართულ საგარეო პოლიტიკურ უწყებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ მისი დღევანდელი სახელწოდება, – გარდა იმისა, რომ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კლიშეა – აცდენილია თანამდროვე დანიშნულებას. ამგვარი დანიშნულება კი უშუალოდ უკავშირდება საგარეო საქმიანობის იმ პრინციპებს, რომლებზეც შემდგომ ვისაუბრებ.
სახელის შეცვლის აუცილებლობას შემდეგნაირად დავასაბუთებ: სახელწოდებაში სიტყვა „საქმეთა“ იმპლიციტურად სახელმწიფო ნების გატარება-აღსრულებას გულისხმობს. ეს, რა თქმა უნდა, ასეა და თავის დროზე სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ინტერესების საერთაშორისო არენაზე დაცვას ემსახურებოდა.
თუმცა, დღეს ეს ერთი შეხედვით, უმნიშვნელო და ფორმალისტური საკითხიც კი, სხვაგვარ გააზრებასა და მიდგომას ეხება. მიმაჩნია, რომ შესაბამისი უწყების სახელწოდება არა მარტო სახელმწიფოს, არამედ ბიზნესისა და ჩვენი საზოგადოების ყოველი ინდივიდის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს; მით უფრო, რომ თანამედროვე სამყაროში ასეთი ინტერესები გამრავალფეროვნდა და ადრინდელთან შედარებით საქმიანობისა და აქტივობის გაცილებით მეტ შრესა თუ სეგმენტში შეაღწია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ რეალურ ფუნქციასა და ყოველდღიურობის შინაარსს ოფიციალური სახელწოდებაც უნდა მიესადაგოს. იგი დროსა და მოთხოვნებთან ადეკვატურად თანწყობილი უნდა გახდეს. ამიტომაც, ასეთი ადეკვატურობის სახელწოდებაში გამოსახატავად, მართებული იქნება აღნიშნულ უწყებას „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ნაცვლად „საქართველოს საგარეო უწყება“ ეწოდოს: შემოთავაზებული სახელწეოდა გაცილებით უფრო ტევადი და, რაც მთავარია, მიმდინარე ეტაპის დღის წესრიგთან და თანამედროვე გაგებასთან თანხვედრია..
სრული და რეალური სარგებლისთვის და არა „სანახევროდ“ თუ მოჩვენებითობითი არსებობისათვის: ასე, მოკლეზე, შეიძლება დაფორმულირდეს საქართველოს საგარეო უწყების სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და საზოგადოებრივ-სოციალური დანიშნულება. გადასახადის გადამხდელის მხრიდან მის შენახვა შინარსობრივი დატვირთვისა და ხელშესახები რეზულტატის საფუძვლიან მოლოდინს უნდა უკავშირდებოდეს და არა სახელმწიფო ინსტიტუტების იერარქიაში ნომინალურ ატრიბუტად მონიშვნას..
საქართველოს საგარეო უწყება პატიოსნად, მის ეფექტიანობაზე ყოველგვარი ეჭვის გარეშე, უნდა ამართლებდეს საკუთარ არსებობას როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე ქართველი გადასახადის გადამხდელის გადმოსახედიდან. სახელმწიფოს შემთხვევაში ეს ყოველივე ეროვნული ინტერესის უკომპრომისოდ და კომპეტენტურად დაცვაში გამოიხატება, ხოლო გადამხდელის შემთხვევაში – ჩვენი ქვეყნის საშუალო სტატისტიკური მოქალაქისათვის იმის რეალურ შეგრძნებაში, რომ საგარეო უწყების საქმიანობა მოქალაქის ყოველდღიურობაზე აისახება..
ახლა კი საქართველოს საგარეო უწყების ტრანსფორმირებას შევეხები. მოკლეზე ვისაუბრებ იმ რამდენიმე ასპექტზე რამაც, ჩემი აზრით, ამ უწყებას ჩვენთვის სასურველი ფუნქციონალი უნდა შესძინოს და მისი საქმიანობის რეალურ საზომად იქცეს..
(გაგრძელება მეორე წერილში)
სრულად წაიკითხეთ სტატია