ვენეციის კომისიის მოსაზრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის თაობაზე

Civil Georgia 1 თვე წინ 29
ვენეციის კომისიის მოსაზრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის თაობაზე

ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში გადახედვასა და სათანადო კანონშემოქმედებით პროცესში განხილვას საჭიროებს. კომისიამ განაცხადა, რომ ისინი უამრავ ბუნდოვან დებულებას შეიცავს, რომლებიც „ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს მათ გამოყენებაში“. კომისიამ ასევე განაცხადა, რომ კანონმდებლობაში სიცხადის ნაკლებობა „მისი ბოროტად გამოყენების რისკს ზრდის“.

კრიტიკული გადაუდებელი მოსაზრება 3 მარტს გამოქვეყნდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის მოთხოვნით.

ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 13 დეკემბერს და 2025 წლის 6 თებერვალს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებები ერთდროულად რამდენიმე კანონში შევიდა, მათ შორის, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში.

ცვლილებებმა, სხვა ზომებთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზარდა ჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და სხვა „შეურაცხმყოფელი ქმედებები“ პოლიციელის მიმართ მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; 15-დან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, და სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში მოექცა ხელისუფლების წარმომადგენლისა და საჯარო მოხელეების მიმართ თავდასხმის ან ძალადობის მუქარა. ცვლილებებით მკაცრი ჯარიმები დაწესდა პროტესტის დროს ნიღბის ტარებაზე, გზის გადაკეტვასა და პიროტექნიკის გამოყენებაზე.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკეს ცვლილებები და განაცხადეს, რომ ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

საკანონმდებლო პროცესის ანალიზისას, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტები ნაჩქარევად იქნა მიღებული, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური აქციების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, აცხადებს კომისია.

მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ცვლილებებში სხვადასხვა შემზღუდველი ზომების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა ადეკვატურად არ იყო დასაბუთებული. კომისიის თქმით, ახალი მკაცრი სასჯელების შემოღება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, გადაჭარბებულია. მისი თქმით, ამ ზომებს, სავარაუდოდ, მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე.

ამიტომ, კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გადახედოს ამ ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი. ზემოქმედების ყოვლისმომცველი შეფასება დაეხმარება მას იმის უზრუნველყოფაში, რომ ნებისმიერი შემზღუდველი ზომა იყოს მკაცრად აუცილებელი და პროპორციული იმ ლეგიტიმური მიზნების მიმართ, რომელთა მიღწევასაც ისინი ცდილობენ.

ძირითადი რეკომენდაციებია:

  • შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გამოსაყენებელი სანქციების ხასიათისა და სიმკაცრის გადახედვა;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მკაფიო კრიტერიუმების შემოღება ინდივიდუალური შეფასებებისთვის, ადმინისტრაციული დაკავების გამოყენებამდე;
  • ადმინისტრაციული დაკავებისა და პატიმრობის წინააღმდეგ ეფექტური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა და დროული განხილვისა და ადეკვატური გამოსწორების უზრუნველყოფა;
  • კონკრეტული ელემენტების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ახალი აკრძალვის ვიწრო მნიშვნელობა ლაზერული და სინათლის სხივების მოწყობილობებზე და იმ პირობების დაზუსტება, რომლის ფარგლებშიც შეიძლება აიკრძალოს სახის ნიღბების ტარება საჯარო შეკრებების დროს;
  • უზრუნველყოფილ იქნას ნორმატიული პროცედურა სპონტანური შეკრებების შესახებ შეტყობინებისთვის მათი დაწყების შემდეგ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია