
“გახარია როგორ გამოიყურება ,,კომისიის” სხდომაზე და რას მოუტანს მას იქ მისვლა პოლიტიკურად, ეს ერთი საკითხია, მაგრამ 20 ივნისის საქმეზე, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, მან მნიშვნელოვანი რამ თქვა :
,,ცრემლმდენი გაზის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ”
შეკითხვაზე, ტყვიების სროლის ბრძანება ვინ გასცაო, უპასუხა, რომ არ იცის.
ეს მნიშვნელოვანი სიტყვებია და სამომავლოდ გამოდგება. ანუ გახარიამ ყველაზე მძიმე ეპიზოდებზე საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნა დაიწყო. მარტივად ავხსნი – ხალხისთვის თვალები მე არ დამითხრიაო. წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი ჩემი ბრძანება იყო, ტყვიები არაო.
ერთი სიტყვით, ბიძინამ მისცა ეგ ბრძანება სხვებს და იმათ შეასრულეს, მე არაფერ შუაში ვარო.
ოღონდ ეს არ თქვა ! ისევ ღია დატოვა სივრცე. და ესაა მისი მთავარი პრობლემა. ჩვენ გვჭირდება მისი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისეთი პასუხი, რომელიც ივანიშვილს მომავალში ციხის ბილეთს გამოუწერს. დღეს ისევ ბორძიკი ვნახეთ.
აქვე მინდა, გაგიზიაროთ ჩემი ძველი სტატუსი. 2023 წლის თებერვალში დამიწერია და ახლა მოვძებნე.
●
ვუსმინე ინგას ინტერვიუს გახარიასთან.
ცოტა შორიდან დავიწყებ.
პოლიტიკოსის ცხოვრებაში დგება საკვანძო წუთი, როცა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
გახარიას შემთხვევაში ეს იყოს 20 ივნისი. პოლიტიკოსის სიძლიერესა და წარმატებას განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა, უარი თქვას საჭირო მომენტში თანამდებობაზე, რაც არ უნდა მაღალი იყოს ის. ხანდახან გადადგომა სიძლიერის ნიშანია და პრაგმატულიცაა. ეს ხდება მაშინ, როცა გადადგომა მორალური აუცილებლობა და ვალდებულებაა.
საქმე ისაა, რომ გახარია 20 ივნისს უნდა გადამდგარიყო და წასულიყო ,,ქართული ოცნებიდან”.
ეს არ გააკეთა თუ ვერ გააკეთა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე.
გავიხსენოთ.
2019 წ. 27 ივნისს ანუ ,,გავრილოვის ღამიდან” ერთ კვირაში, დარბეულ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას თამარ ბაღაშვილმა რამდენჯერმე ჰკითხა, თუ ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება. გახარიამ არაფრით უპასუხა. ცხადია, ხვდებოდა, რომ ამ პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკური კარიერის განაჩენს უდრიდა.
ამიტომ თქვა შემდეგი : ,,ვინ გასცა ბრძანება, ხაზგასმით აღვნიშნავ, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს”.
გავიმეორებ, ეს ხდებოდა 27 ივნისს. ნათელი იყო, ეს ამბავი ასე ვერ გაგრძელდებოდა. ამიტომ გახარიას მაინც მოუწია იმის გაკეთება, რასაც თავს ვერ აარიდებდა, თუ ივანიშვილთან დარჩენა უნდოდა.
გადადგომასა და დარჩენას შორის მან აირჩია დარჩენა და უკვე 11 ივლისს აიღო პასუხიმგებლობა და თქვა, რომ 20 ივნისის დარბევის ბრძანება სწორედ მან გასცა.
ესე იგი, 27 ივნისსა (პრესკონფერენციის დღე) და 11 ივლისს შორის (ბრძანების გაცემის საკუთარ თავზე აღება) იყო ის ინტერვალი, როცა საბოლოოდ შეთანხმდა ხელისუფლებაში პოზიცია – ვის უნდა დაბრალებოდა 20 ივნისი და და ვინ გადაეფარებოდა ივანიშვილს. ეს აღმოჩნდა გახარია.
თუ იტყოდა, რომ მას არ გაუცია ბრძანება – გადადგომის შემთხვევაში ეს ნიშნავდა იმას, რომ გახარია სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა სამომავლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ 20 ივნისის საქმეზე.
ის დარჩა და გადაეფარა ივანიშვილს. ამას სხვა ვერ იზამდა, ვერც ბახტაძეს ააღებინებდნენ თავზე პასუხისმგებლობას, რადგან ამბობდა, დარბევა ჩვენი ხელწერა არ არისო და მაგ მომენტში უკვე იწყებოდა დარბევა. გახარიას ზემოთ ფორმალურად ბახტაძე იყო, რომელიც ვერანაირ ბრძანებას ვერ გასცემდა. და თუ გახარია იტყოდა, რომ ბრძანება არც მას გაუცია, რჩებოდა ივანიშვილი – არაუფლებამოსილი პირი, რომელმაც უბრძანა სპეციალურ დანაყოფებს, ანტისაოკუპაციო მიტინგის სასტიკი ფორმებით დასჯა. ამას მოჰყვებოდა სხვა ბევრის პასუხისმგებლობა – ყველასი, ვინც არაუფლებამოსილი პირისგან მიღებული უკანონო ბრძანება შეასრულა.
ამიტომ იყო ივანიშვილისთვის იმ მომენტში გახარიას ფიგურა სასიცოცხლო მნიშვნელობის. როგორც გამოჩნდა, გახარიაც დასთანხმდა ამ როლს. ამით გახარიამ შეცდომაში კიდევ უფრო ღრმად შეტოპა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ საჩუქრად პრემიერ-მინისტრობა მიიღო. ეს მოხდა სულ მალე ბიძინასთან 20 ივნისის საკითხის ,,გაიასნებიდან” – 2019 წლის 8 სექტემბერს. ივანიშვილმა ბახტაძე გაუშვა და მის ნაცვლად გახარია დაამტკიცებინა.
სინამდვილეში ეს საჩუქარი ხაფანგი იყო. არ ვიცი, თავად გახარია ამას ხვდებოდა თუ არა. შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრად გადაყვანა რეალურად დაწინაურება კი არა, დასუსტება იყო. ფაქტობრივად ვერც ერთ მინისტრს ვერ აკონტროლებდა. ასევე კონტროლი დაკარგა იმ უწყებაზეც, საიდანაც მოვიდა.
ერთი სიტყვით, ივანიშვილისთვის ყველაზე მისაღები კომბინაცია გამოვიდა – 20 ივნისზე პასუხისმგებლობა გახარიას დაეკისრა, თავად ბიძინამ კი სამართლებრივი ფარი შეიქმნა. გახარიას საკუთარ თავზე ააღებინა უდიდესი დანაშაული, შემდეგ კი პრემირად გადაყვანით უკიდურესად დაასუსტა.
მართლაც გახარია გავლენების თვალსაზრისით იმდენად დასუსტებული იყო, რომ მის სკამს ერთი თითის კვრა სჭირდებოდა. სწორედ ეს მოხდა, როცა პირველივე პოლიტიკური დილემის დროს გახარიას გადადგომა მოუწია. ვგულისხმობ ნიკა მელიას საკითხს – გარისკავდა, მისი ბრძანებით შევარდნილიყო ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცრაზმი თუ ეს მის გარეშე მოხდებოდა. მოთხოვნა იყო მელიას დაჭერა, გახარია მთავრობაში მარტო იყო და შანსი არ ჰქონდა, წინ აღდგომოდა ივანიშვილის ნებას. რა თქმა უნდა, გახარიას ძალა რომ ჰქონოდა, არ დაიჭერდა მელიას ამ ფორმით, რადგან 20 ივნისის მერე მის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი ძალადობრივი აქტი კატასტროფული შედეგის მომტანი გახდებოდა. ივანიშვილი მელიას დაკავებას ითხოვდა, ამას თუ პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალებდა, 20 ივნისის მსგავსად, ისევ უკანონო ბრძანებამდე მივდიოდით. გახარიას გვერდის ავლით დაკავება სამომავლოდ ივანიშვილს ისევ პირდაპირ სამართლებრივ საფრთხეს უქმნიდა. ერთი სიტყვით, გახარია განწირული იყო. მთავრობაში მას სვლა აღარ დარჩა. ამიტომ წასვლის გარდა, სხვა გზა არც ჰქონდა. მოვიდა ღარიბაშვილი და, რა თქმა უნდა, გააკეთა ის, რაც ივანიშვილს სურდა.
დღევანდელ ინტერვიუში გახარიამ ისევ გაიმეორა იგივე – 20 ივნისზე პასუხისმგებლობას თავად იღებს. იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილზე სამართლებრივად გასვლის უმოკლესი გზა გახარიაზე გადის, ის კი ისევ ძველ ,,ჩვენებას” აწვება და ამ უმოკლეს გზას კეტავს, ვიდრე ეს ასე იქნება, ბიძინა და გახარია ერთ ნავში არიან.
რა თქმა უნდა, 20 ივნისის დარბევის ბრძანება ივანიშვილმა გასცა, მერე ქვემოთ რა და როგორ მოხდა, ამას ობიექტური გამოძიება მომავალში აუცილებლად დაადგენს. მისცემს გახარია ოდესმე ბიძინას წინააღმდეგ ჩვენებას ? არ ვიცი. არც ივანიშვილია ისეთი გულუბრყვილო, გახარიას ხელში აღმოჩნდეს. როგორც ჩანს, ის რაღაცნაირად ინარჩუნებს ბერკეტებს, რომ გახარიამ ხელი ვერ დაადოს, მაგრამ როცა არაფორმალური მმართველი ძალაუფლების გარეშე დარჩება, სხვაც არა ერთი გამოჩნდება, ვინც ჩვენებებს მისცემს. ასე რომ, გახარიას არჩევანია, რას და როდის იზამს ან იზამს თუ არა საერთოდ. ფაქტია, ივანიშვილისთვის შექმნილი სამართლებრივი ფარი ამ დრომდე მუშაობს. ფარი – გახარიაა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო გახარიას დაკითხვა შემდგარიყო. ეს მოთხოვნა მოსამართლემ ეგრევე ჩაჩეხა და არ დაუშვა. რატომ ? იმიტომ, რომ არავის აძლევდა ხელს – გახარიას ახლა ან ცრუ ჩვენების მიცემა მოუწევდა, რაც (სამომავლოდ ივანიშვილის მხილების შემთხვევაში) სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკს შეიცავს და ბერკეტია მის წინააღმდეგ, ან ივანიშვილზე უნდა ეთქვა სიმართლე, რასაც იმ მომენტში არ და ვერ გააკეთებდა. ოღონდ მომავალში ივანიშვილის დასახელებაც კი (რისი ნიშანწყალიც ახლა არ ჩანს) მაინც ვერ გაათავისუფლებს გახარიას პასუხისმგებლობისგან. რადგან ვინც არ უნდა იყოს ბრძანების თავდაპირველი გამცემი, ის მაინც ვერ დაიხსნის თავს იმ ღამის მოვლენებზე.
ხელისუფლების ცვლილების მერე არავის უნდა მიეცეს საშუალება, 20 ივნისის საქმეზე რაიმე გარიგება და დალაგება მოხდეს. ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორიულ დანაშაულზე მართლმსაჯულება აღსრულდეს.
PS
დღეს გახარიამ აგდებით ილაპარაკა ივანიშვილზე. პარანოიკი უწოდა. რაში მჭირდებაო ივანიშვილი. არ მაინტერესებსო ივანიშვილი.
ამგვარ გამონათქვამებს ივანიშვილის ხელქვეითებიც უსმენენ. ტირანებს, დიქტატორებსა და ავტორიტარებს არ უყვართ, როცა მათზე ასე ლაპარაკობენ, ასეთ რამეს უბედავენ მონების თვალწინ, მით უმეტეს თუ ამას მისი გარემოცვიდან გასული ლაპარაკობს. ამგვარი გამონათქვამების დაუსჯელად დატოვება ისეთი მმართველებისთვის, როგორიც ივანიშვილია, საფრთხის შემცველია.
არ ვიცი, როგორ დასჯის ივანიშვილი გახარიას პარანოიკის ძახილის გამო ან შეძლებს თუ არა ამას საერთოდ, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ 20 ივნისის საქმის გამო ისინი ამ დრომდე ერთ ნავში არიან.
სტატუსს ისე ვერ დავასრულებ, კიდევ ერთი საქმე არ ვახსენო – ესაა ია კერზაიას საქმე, რის გამოც არავის უგია პასუხი. დანაშაული მოხდა გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, როცა მას საპრეზიდენტო არჩევნებზე სამეგრელო ჰქონდა ჩაბარებული. ყველაფერი გამოკვლეულია, უბრალოდ, არც ამ საქმეზე დგება მართლმსაჯულება” – წერს ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში.