
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოსა და მისი კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია Georgian Grand Tasting გაიმართა.
პოლონეთის ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტო პოლონურ მარკეტინგულ კომპანიასთან 2022 წლიდან თანამშრომლობს. სააგენტოში ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნულ პერიოდში პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური ზრდა ფიქსირდება. 2024 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 6,7 მლნ ლიტრი შეადგინა, ზრდამ, 2023 წელთან შედარებით, 12%-ს მიაღწია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში პოლონეთში ექსპორტირებულია 2 578 279 ლიტრი ღვინო. ეს აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, რომელიც 2 006 124 ლიტრი იყო.