ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები საქართველოში მომიტინგეების მიმართ ძალადობას გმობენ

Civil Georgia 6 დღის წინ 9
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები საქართველოში მომიტინგეების მიმართ ძალადობას გმობენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლუსი პოტუჩკოვამ, კომიტეტის მომხსენებელთან კარინა ოდებრინკთან ერთად, 16 დეკემბერს გაავრცელა განცხადება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი თავისუფლებები“.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ შექმნილი ვითარებით, მათ შორის ძალადობით საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთი ძირითადი უფლებებით სარგებლობენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ეუთოს წარმომადგენლები მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა და ხაზს უსვამენ დემოკრატიული პრინციპების დაცვის აუცილებლობას, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში და ეუთოს ვალდებულებებშია ასახული.

„ჩვენ კატეგორიულად ვიმეორებთ, რომ სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებული და განურჩეველი გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავმა ორგანომ პატივი სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიოს ნებისმიერი ინციდენტი და ბრალდებები გადამეტებული ძალის ან არასათანადო ქმედებების შესახებ აქციის მონაწილეების მიმართ, როგორც ამას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეუთოს წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ იზიარებენ ეუთო/ოდირის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების, უცხოელი აგენტების შესახებ კანონისა და დემონსტრანტების მიმართ პოლიციის ძალადობის შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას.  ისინი ასევე სრულად იზიარებენ ეუთოს სამეულის განცხადებას და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის ლუის გრაჩას მოწოდებას, რომ ყველა მხარე კონსტრუქციულ და ღია დიალოგში უნდა ჩაერთოს.

სრულად წაიკითხეთ სტატია