ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს

Civil Georgia 2 თვის წინ 28
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ვითარება საქართველოში იყო 21 თებერვალს ეუთოს სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის მთავარი თემა. რამდენიმე წევრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის, არჩევნების სავარაუდო გაყალბებისა და რეპრესიების შესახებ.

ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მკაცრად დაგმო საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. სიტყვით გამოსვლისას უილსონმა ეუთოს სივრცეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან განაცხადა: „ყველაზე შემაშფოთებელია ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები და რეპრესიების შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც მას მოჰყვა“. მისი თქმით, „ქართული ოცნების დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ“.

უილსონმა მოუწოდა თავის კოლეგებს „დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები და უარი თქვან რეგულარულ ურთიერთობებზე „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან, სანამ ისინი არ შეასრულებენ მოთხოვნებს“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ფაქტობრივად, დღევანდელი ქართული ოცნების დელეგაცია არის არალეგიტიმური და არ არის არჩეული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, როგორც ეს დამკვირვებლებმა დაადგინეს მსოფლიოს მასშტაბით“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს არჩევნები გამჭვირვალე იყო და „პოლიტიკურად პლურალისტურ გარემოში ჩატარდა“. მისი თქმით, ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა უზრუნველყო არჩევნების სამართლიანობა. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ ზეწოლით, რომელიც განხორციელდა ეუთო/ოდირის მისიაზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და რომლის მიზანიც იყო საბოლოო ანგარიშის შინაარსზე გავლენის მოხდენა“, – განაცხადა სამხარაძემ. მან ჯო უილსონი შერჩევით კრიტიკაში დაადანაშაულა.  „ბატონო უილსონ, თქვენ რომ სამართლიანი ყოფილიყავით თქვენს გამოსვლაში, მაშინ ე.წ. არჩევნებს დაგმობდით ოკუპირებულ აფხაზეთში“, – განაცხადა მან. სამხარაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და დაგმო მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში. „ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მორიგ მცდელობას“, – დასძინა მან და დასავლეთი ამ არჩევნების არდაგმობის გამო გააკრიტიკა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გაიხსენა საქართველოს წარსული გამოცდილება რუსეთთან, მათ შორის 1990 და 2008 წლების კონფლიქტები, ასევე საქართველოს ისტორიული რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია. საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანის დასაცავად, მახაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო მოვლენებმა დაადასტურა, რომ ქვეყანამ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და დასძინა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანაირ იარლიყებს გვაწებებდნენ, ჩვენ მხოლოდ გადარჩენისთვის ვმოქმედებდით“. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია