26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ თავის საბოლოო ანგარიშში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) განაცხადა, რომ არჩევნები ზოგადად „კარგად იყო ადმინისტრირებული“, მაგრამ ჩატარდა „სერიოზული შეშფოთების“ ფონზე, რომელიც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან ერთად, საფრთხე შეუქმნა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობას, რომ შურისძიების შიშის გარეშე მიეცა ხმა“. კრიტიკულ ანგარიშში არჩევნების შემდეგ სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობაცაა ხაზგასმული.
ანგარიშის თანახმად, არჩევნებისთვის მზადების პროცესი „კარგად წარიმართა“. თუმცა, დოკუმენტში უამრავი ნაკლოვანებაა ნახსენები, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს და მის შემდეგ. ანგარიში არათანაბარი პირობების არსებობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს: „მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობა ჰქონდა კონკურენტებთან მიმართებით, სახელმწიფო დაფინანსების, კერძო შემოწირულობებისა და კამპანიის ხარჯების თვალსაზრისით“.
„კანდიდატებს, ზოგადად, ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია“, ნათქვამია ანგარიშში. თუმცა დოკუმენტის თანახმად, არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული ხშირი დარღვევები, რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობა და ზეწოლისა და დაშინების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის კერნჭისყრის პროცესის გადაღების გზით, უარყოფითად აისახა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.
შურისძიების შიშის გარდა, განსაკუთრებით საჯარო სექტორის დასაქმებულებსა და ეკონომიკურად დაუცველ მოქალაქეებს შორის, ანგარიშში ნათქვამია, რომ „ბევრ შემთხვევაში (დაკვირვების 24 პროცენტში), ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად დაირღვა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის, საარჩევნო უბნების არასათანადო განლაგებისა და ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშნულის გამოჩენის გამო“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად ხმის მიცემის პროცესს ვიდეოთი იღებდნენ, რამაც შესაძლოა დამაშინებელი გავლენა იქონია ამომრჩევლებზე“.
ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ „ხმების დათვლის პროცესმა პროცედურული ხარვეზები გამოავლინა, მათ შორის გამოუყენებელი ბიულეტენების არასათანადო დამუშავება, ხმების ხმამაღლა გამოუცხადებლობა და ბიულეტენების ვალიდურობის დადგენაში შეუსაბამოდა. საოლქო საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელი ოქმების დამუშავება არათანმიმდევრული იყო“.
წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ შედეგები არ ცნო და ამის მიზეზად ისეთი დარღვევები დაასახელა, როგორიცაა ამომრჩევლის დაშინება, ხმების მოსყიდვა და სავარაუდო უცხოური ჩარევა. ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ არჩევნების მომდევნო დღეებში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ოპოზიცია აცხადებდნენ, რომ ეს დარღვევები კოორდინირებულ მანიპულირებაზე მიუთითებდა, ხოლო მთავრობამ, მმართველმა პარტიამ და ცესკო-მ უარყვეს ეს განცხადებები.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „პარტიებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 1 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს, თუმცა უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს, სასამართლოებმა კი, საქმეების მინიმალური შესწავლის შემდეგ, ამ გადაწყვეტილებების უმეტესობა ძალაში დატოვეს. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ასევე არ დაკმაყოფილდა არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ცესკოში, სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი საჩივრები.
„საერთო ჯამში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სათანადო სამართლებრივი პროცესის უფლებას, ვერ უზრუნველყო ეფექტური სამართლებრივი საშუალება და ვერ მოაგვარა ფართოდ გავრცელებული წუხილები არჩევნების შედეგების სამართლიანობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას ეუთო/ოდირმა დაადგინა, რომ „საპროტესტო აქციების ძალადობრივმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაპატიმრებებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების დაცვის მიმართ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“.
ორგანიზაციის ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ განაცხადა, რომ „ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღინიშნა ბევრი პრობლემა, რაც უარყოფითად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომელთაც ამჟამად საქართველოში საფრთხე ემუქრება, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა ამ პრობლემას“.
პრიორიტეტული რეკომენდაციები
დოკუმენტის თანახმად, ორგანიზაციის პრიორიტეტული რეკომენდაციები მოიცავს ამომრჩეველთა დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ხმების მოსყიდვისა და საარჩევნო ძალადობის პრევენციას; ყოვლისმომცველ საკანონმდებლო გადახედვას საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით; საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის პროცესის გადახედვას, რათა თავიდან იქნას აცილებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის დომინირება და სრულად იქნას უზრუნველყოფილი ეფექტურობა; პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველობის მკაფიო რეგულაციების შემუშავებას; მედიის მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებას; საარჩევნო დავების მოგვარების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; მოქალაქე დამკვირვებლებისთვის ზეწოლისა და დაშინების გარეშე მოქმედების საშუალების უზრუნველყოფას; და ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფას პროცედურული გარანტიების მეშვეობით.
ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ „თავისი მანდატის ფარგლებში, ოდირი არ ცნობს და არ იწონებს არჩევნებს. სანაცვლოდ, ოდირი უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომელიც ეფუძნება უნივერსალურ პრინციპებს, საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების თაობაზე აღებულ ვალდებულებებს“.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ „მზად არის დაეხმაროს მხარეებს არჩევნების შემდგომი პრობლემების გადაჭრაში, რათა გაუმჯობესდეს მომავალი არჩევნები ამ და წინა ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი გადახედვის გზით“.