ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ დამატებითი სანქციები გამოაცხადეს იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი. ესტონეთის კონკრეტული სამიზნეები არიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები და სხვა ოფიციალურ პირები, რომელთაც „ქართული ოცნების“ სახელით რეპრესიული ზომების მიღებაში ედებათ ბრალი.
ესტონეთმა სანქციები დაუწესა 55 პირს, ლიეტუვამ შავ სიას 74 პირი დაამატა, ლატვიამ კი 16 პირი დაასანქცირა. შეზღუდვები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სასამართლო ქმედებებსა და დარბევაში მათი როლისთვის არიან დასანქცირებულნი.
„საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ მიუღებელი, დანაშაულებრივი და ადამიანის უფლებების დარღვევაა“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ. „სიაში შედიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის ჩინოვნიკები და პოლიციის უფროსები, პლატფორმის შემქმნელები და პარლამენტის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასამართლო სისტემის და სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების დევნაზე. ჩამოთვლილი პირები ძალადობაში ან ძალადობის მუქარაში მონაწილეობდნენ“, – დასძინა მან. ესტონეთმა სულ 83 ქართველ ჩინოვნიკს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ და განაცხადა: „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა: „მე დავამატე საქართველოს 16 მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში და შეუზღუდავი დროით ავუკრძალე მათ ლატვიაში შემოსვლა. ეს გადაწყვეტილება იმიგრაციის კანონის 61(2) მუხლის შესაბამისად იქნა მიღებული“.
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა პირველი ქვეყნები იყვნენ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას გამოეხმაურნენ. სამმა ქვეყანამ მანამდე სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს. ეს მიზანმიმართული სანქციების მორიგი რაუნდია იმ პირების მიმართ, რომელთაც საქართველოში დემოკრატიის შელახვაში ედებათ ბრალი.
ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ უცხადებენ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებსა და ევროინტეგრაციას, ამასთან, პასუხისმგებლობას აკისრებენ ოფიციალურ პირებს ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევებზე.
ესტონეთის მიერ სანქცირებული პირები
ესტონეთის მთავრობამ სანქცირებული პირების სია გამოაქვეყნა, რომელშიც შედიან:
- მოსამართლეები: ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილო, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო ტარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებუაძე, ეკა ბარბაქაძე.
- პროკურორები: ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ (ვლადიმირ) თურმანიძე, ნუგზარ (ნუკრი) ჩიტაძემ თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.
- პოლიციის თანამშრომლები: გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველანი, ზურაბ ჩარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარი ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.
- პოლიციის უფროსები: აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია; ბათუმის რეგიონის პოლიციის უფროსი დავით ათაბეგაშვილი; ბათუმის რეგიონის პოლიციის უფროსი გოჩა ვანაძე.
- პარლამენტის წევრები: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია.
- Alt-Info წარმომადგენლები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე.
ლატვიისა და ლიეტუვის მიერ სანქცირებული პირების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ასევე წაიკითხეთ: