
17 თებერვალს კატარის დედაქალაქ დოჰაში საჩოგბურთო 500-ქულიანმა ტურნირის ძირითადმა ბადემ აიღო სტარტი. მოგეხსენებათ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ეს ტურნირი 2021 წელს მოიგო, 2022 წელს კი ფინალში ითამაშა.
ახლა კი თავად ნიკოლოზისგან ირკვევა, რომ ამ წელს ტურნირის ორგანიზატორებმა მას wild card-ი არც ძირითადი ბადისთვის და არც საკვალიფიკაციო ეტაპისთვის არ მისცეს, რის გამოც ძალიან გულდაწყვეტილია და Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ დოჰას ტურნირზე აღარასდროს იასპარეზებს.
“გულდაწყვეტილი ვარ, რომ დოჰას ტურნირზე wild card არ მომცეს. ვერც საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვე და ეს ყველაფერი
იმის ფონზე, რომ 2021 წელს ტურნირი მოვიგე, 2022 წელს კი ფინალი ვითამაშე.
მიჩვეული ვარ, რომ მიზნებს ადვილად ვერ ვაღწევ, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან მტკივნეულია. მესმის, რომ ფული და სპონსორები დიდ როლს თამაშობს, მაგრამ საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს.
კატარმა ბრწყინვალე გრძნობები მაჩუქა, რაც ცხოვრების ბოლომდე გამყვება, მაგრამ გპირდებით, რომ ჩემი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში აქ აღარასდროს ვითამაშებ”, – წერს ბასილაშვილი.