ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ტექნოლოგიურ განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს – რა გეგმები აქვს კომპანიას?

News.ge 1 თვე წინ 7
ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ტექნოლოგიურ განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს – რა გეგმები აქვს კომპანიას?

ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ საქართველოს ენერგოსექტორის ერთ-ერთ უმსხვილეს ობიექტზე, შუახევის ჰესების კასკადზე ტექნოლოგიურ განვითარებას განაგრძობს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა BM.GE-ს განუცხადეს, ენერგოობიექტზე თანამედროვე ციფრული სისტემები უკვე წარმატებით დანერგილია და სამომავლო გეგმები ტექნოლოგიურ დახვეწასა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას უკავშირდება.
მათი თქმით, 187 მეგავატიანი სიმძლავრით, შუახევის ჰესი ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში აშენებული ყველაზე დიდი ჰიდროენერგო პროექტია, რომელიც უკვე 5 წელზე მეტია სტაბილურად აწარმოებს ელექტროენერგიას და მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
“ტექნოლოგიური ინოვაციები კომპანიის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება ციფრული სისტემების ინტეგრაცია ენერგოობიექტების მართვის პროცესში.
2025 წელს შუახევის ჰესში თანამედროვე ციფრული მართვის სისტემა დაინერგა, რომელიც ძირითადი მოწყობილობების რეალურ დროში მონიტორინგსა და ანალიზს უზრუნველყოფს. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ზრდის ოპერირების ეფექტიანობასა და რეაგირების სისწრაფეს”, – ამბობენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ „აჭარისწყალი ჯორჯია“ დღემდე ქართული ენერგოსექტორის უდიდესი ინვესტორია – კომპანიამ ქვეყანაში 550 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა. მის მფლობელებად ნორვეგიული „Clean Energy Invest“ და ინდური „Tata Power“ თანაბარი წილით გვევლინებიან.
კომპანიის ცნობით, ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ეტაპზე ინვესტორებმა პირობა დადეს, რომ ჰესის ოპერირება სრულად ქართველ სპეციალისტებს დაევალებოდათ – დღეს შუახევისა და სხალთის ჰესებს ქართველი ინჟინრებისგან შემდგარი გუნდი წარმატებით მართავს.
“უსაფრთხოების სტანდარტები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჰესზე მოქმედი სისტემები სრულად შეესაბამება როგორც ქართულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო მოთხოვნებსა და საუკეთესო საინჟინრო პრაქტიკებს. ჰესის ოპერირება 24/7 რეჟიმში მიმდინარეობს, ტექნიკური მონიტორინგი კი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ტარდება”, – აცხადებენ “აჭარისწყალი ჯორჯიაში”.
ინფორმაციისთვის, შუახევის ჰესი 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ექსპლუატაციაში. ამ დროიდან მოყოლებული, სადგურმა 200 გიგავატ/საათზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა და 2022 წლიდან ყოველწლიურად აღემატება საპროექტო მაჩვენებლებს. მიმდინარე წელს, მხოლოდ ხუთ თვეში, ჰესმა თითქმის 300 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგია აწარმოა.

სრულად წაიკითხეთ სტატია