ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“. ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ.
ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს“. მან მოუწოდა საქართველოს „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“. საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს.
„ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას“, – ნათქვამია დასკვნებში.
გარდა ამისა, საბჭომ ასევე დაადასტურა „ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.
ევროპული საბჭოს სხდომის დასასრულს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საქართველოში არსებული სიტუაციის გამო, სადაც ხელისუფლების კურსის ცვლილებას გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება მოყვა და სადაც ქართველი ხალხი რამდენიმე დღეში თავის სიტყვას იტყვის“.
ასევე წაიკითხეთ: