ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრესსპიკერმა ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების საკითხებში, სტიუარტ დიქსონმა 13 დეკემბერს სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ამჟამად პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
„შემოთავაზებული ცვლილებები, რომლებიც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა ამოქმედდეს, სავარაუდოდ შეამცირებს პროპორციული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობას და გაზრდის მაჟორიტარ წევრთა რაოდენობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიქსონმა ხაზი გაუსვა საარჩევნო სტაბილურობის მნიშვნელობას – პრინციპს, რომელიც ვარაუდობს, რომ საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა განხორციელდეს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო, რომელსაც უკიდურესი პოლარიზაცია და პოლიტიკური დაძაბულობა ახასიათებს, ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების განხორციელებას ართულებს. მან აღნიშნა, რომ 2021 წელს კონგრესის ბოლო სადამკვირვებლო მისიის შემდეგ, საარჩევნო კოდექსში 15-ზე მეტი ცვლილება შევიდა, მათ შორის საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ცვლილება, რომელიც აპრილში განხორციელდა.
„წესების ხშირმა ცვლილებამ, განსაკუთრებით მანდატების განაწილებასთან დაკავშირებით, შეიძლება დააბნიოს ამომრჩევლები და პოტენციურად შეარყიოს ნდობა დემოკრატიული პროცესის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „თავი აარიდოს ცვლილებების პროექტის ნაჩქარევად მიღებას“, ჩაერთოს ღია დიალოგში ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გაიაროს კონსულტაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს ყველა დონეზე საარჩევნო პროცესების სტაბილურობისა და მთლიანობის სრული პატივისცემა.
კონგრესი ასევე ადასტურებს ევროპის საბჭოს ერთგულებას მხარი დაუჭიროს საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების ძალისხმევას და მზადაა დააკვირდეს 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს „საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მოწვევის შემთხვევაში“.
ასევე წაიკითხეთ: