ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ოფლაერტიმ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. 26 მარტს გამოქვეყნებულ ახალ მემორანდუმში კომისარი ოფლაერტი შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო და საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს. იგი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, უზრუნველყოს პასუხისმგებლობა სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობისთვის, და დაიცვას ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. მემორანდუმს წინ უძღოდა მისი იანვრის ვიზიტი საქართველოში.
ადამიანის უფლებების დარღვევა საპროტესტო აქციების დროს
აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობა
მემორანდუმი დეტალურად აღწერს ადამიანის უფლებებათა დარღვევებს, რომელთაც 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ჰქონდა ადგილი. დოკუმენტი სახალხო დამცველის ოფისს ეყრდნობა, რომელმაც მომიტინგეების დაკავებისა და დაშავების 327 შემთხვევა და პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის 225 შემთხვევა გამოავლინა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ფიზიკური შეურაცხყოფისა და სექსუალური ძალადობის მუქარის შემთხვევები ქალი მომიტინგეების მიმართ და აღნიშნულია, რომ ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს დროულად არ მიეწოდათ ინფორმაცია დაკავებების შესახებ, რითიც სამართლებრივი სტანდარტები დაირღვა. ბევრმა დაკავებულმა განაცხადა, რომ მათ მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და აღარ დაუბრუნეს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო სსო-ების წინასწარი ფაქტების დამდგენი მისია „მომიტინგეებისა და მხარდამჭერების სისტემატური წამებისა და არასათანადო მოპყრობის კოორდინირებულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე“ ამახვილებს ყურადღებას.
ანგარიშში ასევე საუბარია პრესის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვებზე და აღწერილია 91 შემთხვევა, სადაც ჟურნალისტებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ათზე მეტ ჟურნალისტს პოლიციელები ან ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სხვები კი წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და თვითნებური დაკავების სამიზნეები გახდნენ, ან აპარატურა გაუნადგურეს. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაზე დაყრდნობით, ევროპის საბჭოს კომისარი აცხადებს, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და წინა წელთან შედარებით გასამმაგდა.
აქციის მონაწილეთა დაუსაბუთებელი დარბევა და დაპატიმრება
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ინდივიდუალური მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ცალკეული შემთხვევები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მთელი შეკრება არამშვიდობიანად შეირაცხოს”. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციები „დიდწილად მშვიდობიანი“ იყო და რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციების დასაშლელად „არაპროპორციული ძალა“ გამოიყენეს, რითაც ვერ დაიცვეს მშვიდობიანი შეკრების უფლება.
ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ეუთომ და ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატეს აქციების ძალადობრივი დაშლის გამო.
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პასუხისმგებლობის ნაკლებობა
ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველების დაუსჯელობის საკითხიც. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს დებულებას, რომელიც დემონსტრაციების დროს ნიღბიანი პოლიციელების იდენტიფიცირებას მოითხოვს.
დოკუმენტში აღნიშნული, რომ ვიზიტის დროს, კომისარმა ოფლაერტიმ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან შეხვედრისას ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაციის საკითხი დააყენა. მან რიგ საერთაშორისო სტანდარტებზე მიუთითა, რომლებიც ყველა სამართალდამცველს ავალდებულებს, ატაროს სათანადო საიდენტიფიკაციო ნიშნები.
პოლიციის არასათანადო ქმედებების გამოძიების საკითხი კვლავ პრობლემატურია. 2023 და 2024 წლებში საპროტესტო გამოსვლების დროს დარღვევების გამო არცერთი პოლიციელი არ დასჯილა. არასათანადო მოპყრობის შესახებ სანდო მტკიცებულების მიუხედავად, დაზარალებულებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს ნაკლებად აქვთ მოლოდინი, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, ნათქვამია ანგარიშში.
გადაჭარბებული ძალა და გაუმართლებელი დაპატიმრებები
პროევროპული აქციების სრულიად მშვიდობიანი ხასიათის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოები დემონსტრანტების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს, ნათქვამია დოკუმენტში. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ეუთომ და ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატეს აქციების ძალადობრივი დაშლის გამო.
შეკრების თავისუფლების ახალი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული შეზღუდვები
მემორანდუმში ასევე საუბარია „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, ხოლო რამდენიმე „ახალი დებულება, როგორც ჩანს, შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“. ეს ცვლილებები ეხება მომიტინგეებისთვის სახის დაფარვის აკრძალვას, გაზრდილ ჯარიმებს, გამკაცრებულ ჯარიმებს გზების გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლის გაფართოებას და ა.შ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „ყველა ცვლილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, ზემოქმედების ყოვლისმომცველი შეფასების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახალხო დამცველთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე“.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ: