ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა, რომელიც საქართველოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა, მკაცრად გააკრიტიკა პროცესი, მას „პოლიტიკური დევნა“ უწოდა და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოცდაა.
„ის, რაც დღეს სასამართლოში ვნახე, კანონის უზენაესობა არ არის. მზია ამაღლობელი გააჩუმეს. სასაცილო ბრალდებები მტკიცებულებად იქნა წარმოდგენილი – ეს პოლიტიკური დევნაა და არა სამართლიანი სასამართლო“, – განუცხადა შილინგმა „სამოქალაქო საქართველოს“ 16 მაისს ბათუმში გამართულ სასამართლო პროცესზე დასწრების შემდეგ.
შილინგმა, ადამიანის უფლებათა აქტიურმა დამცველმა, სასამართლო პროცესი ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გამოცდად შეაფასა.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროპულ გზას და გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მან. „ამის მისაღწევად, განსაკუთრებით უნდა დავუჭიროთ მხარი დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებას. ავტორიტარულმა რეჟიმებმა იციან, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მათი უდიდესი მტერია. ამიტომ, მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა“.
ამაღლობელს, რომელიც 12 იანვარს დააკავეს, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში გარტყმა ედება ბრალად და სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„მზია არ არის იზოლირებული შემთხვევა – მისი ისტორია ასახავს მამაცი ქალი ჟურნალისტების გაჩუმების გლობალურ სურათს“, – განაცხადა შილინგმა. „ის მთელი მოძრაობის ხმაა. მისი გამბედაობა მთელ საქართველოს შთააგონებს და ბევრ ახალგაზრდა ქალს იმედს აძლევს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/05/2025 – ევროპარლამენტარი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო
- 16/04/2025 – საია მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიებას „არაეფექტურს“ უწოდებს
- 17/03/2025 – სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა
- 20/01/2025 – საია: მზია ამაღლობელის სისხლისსამართლევრივი დევნა პოლიტიკური რეპრესიაა