ევროპარლამენტარები კაია კალასს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების ინიცირებისკენ მოუწოდებენ

Civil Georgia 3 კვირის წინ 33
ევროპარლამენტარები კაია კალასს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების ინიცირებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ თავის X ანგარიშზე დაწერა, რომ მან და სხვა ევროპარლამენტარებმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს წერილით მიმართეს, სადაც მოუწოდეს ევროკავშირს არჩევნების გაყალბებაზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელ ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესოს. წერილი ითხოვს „დაუყოვნებლივ მოქმედებას საქართველოში დემოკრატიის დასაცავად“ და სთხოვს უმაღლეს წარმომადგენელს სანქციების შესახებ ინიციატივა წარმოადგინოს.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ უმაღლეს წარმომადგენელს, პერსონალური სანქციები დააინიციროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ „განვითარებული მოვლენების გამო, სადაც საქართველოს მოქმედმა მმართველმა პარტიამ გაყალბებული არჩევნების შედეგად სახელმწიფო მიიტაცა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს ახშობს“.

წერილში ასევე ნახსენებია 28 ნოემბერს მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს განახორციელოს პერსონალური სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს მომხდარი მასშტაბური საარჩევნო დარღვევების საპასუხოდ. წერილში ნათქვამია, რომ რეზოლუცია მოითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას საქართველოში იმ თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე. კერძოდ, ნახსენებია პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და ის მოსამართლეები, რომელთაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაკისრებას და მისი აქტივების გაყინვას ევროკავშირის ქვეყნებში.

„ამ წერილით გვინდა მოგიწოდოთ, დაუყოვნებლად წარუდგინოთ საბჭოს სანქციების წინადადება, რადგან საქართველოში სახელმწიფოს ავტორიტარული დაპყრობა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს“, – ნათქვამია წერილში.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია