ევროკომისიამ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა

Primetime.ge 2 დღის წინ 8
ევროკომისიამ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა
ევროკომისიამ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა.როგორც ევროკომისიის პრესრელიზშია ნათქვამი, საბჭო ამ წინადადებას თუ მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, თანამდებობის პირებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებსაც დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები აქვთ, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე ვადით ვიზა დასჭირდებათ.პრესრელიზის თანახმად, დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელ ქართველებზე აღარ გავრცელდება ვიზის გამარტივების ისეთი პირობები, როგორიცაა განაცხადის განხილვის მოკლე ვადები, დაბალი საფასური და ნაკლები თანდართული დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა. ეს გადაწყვეტილება უარყოფითად არ იმოქმედებს ადამიანებს შორის კონტაქტებზე, რადგან ჩვეულებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები კვლავაც ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისას. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს წინადადება არის პასუხი ძალადობრივ რეპრესიებზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ აღარ შეეცდებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას 2028 წლამდე.„გარდა ამისა, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის მაისში) და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის სექტემბერში) ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, არის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ვიზალიბერალიზაციის მისაღებად. ევროკავშირმა უკვე მიიღო ზომები საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელოვან უკუსვლაზე საპასუხოდ: ივნისში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ მიმდინარე მოქმედებების კურსი იწვევდა გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას. ვინაიდან ვითარების გაუარესება გაგრძელდა, 16 დეკემბერს გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოზე განხილვების შემდეგ, კომისიამ გადაწყვიტა, შეეთავაზებინა საქართველოს დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.ახლა საბჭოს გადასაწყვეტია, მიიღოს დღევანდელი წინადადება და ნაწილობრივ გააუქმოს ვიზის გამარტივების შეთანხმება. საბჭო თუ დაამტკიცებს წინადადებას და როდესაც ის ძალაში შევა, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწევთ, მიიღონ შესაბამისი ზომები. ეს ნიშნავს, რომ გულითადი თანამშრომლობის პრინციპთან შესაბამისობაში, მათ მოუწევთ ვიზის მოთხოვნების დაწესება საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მქონეთათვის და ამ ზომების შესახებ სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის და კომისიისთვის შეტყობინება. წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ, შეწყვიტონ ამჟამინდელი შეღავათები, მათ შორის განაცხადის შეტანის შემცირებული ვადები, შემცირებული სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები რაოდენობის დოკუმენტების წარდგენა“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.
სრულად წაიკითხეთ სტატია