ევროკავშირის ელჩი სანქციებსა და „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის დაგეგმილ აკრძალვაზე საუბრობს

Civil Georgia 3 კვირის წინ 17
ევროკავშირის ელჩი სანქციებსა და „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის დაგეგმილ აკრძალვაზე საუბრობს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 14 მაისს მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის გამო და ხელისუფლების ერთგულება ევროპული ღირებულებებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ეჭვქვეშ დააყენა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანით საქართველომ აიღო ვალდებულება, დაეცვა ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, თუმცა იქვე დასძინა, რომ 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც ამ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

„კიდევ უფრო უარესი, რაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ვნახეთ, არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და იმ ადამიანების სრული დაუსჯელობა, ვინც ქუჩაში ხალხს სცემდა“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებები კურსის შეცვლის შესახებ „სრულიად იგნორირებულია“.

„სწორედ ამიტომ, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვცდილობთ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, მართალია  წევრ სახელმწიფოებს შორის ერთსულოვნების ნაკლებობამ ხელი შეუშალა ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესებას, რამდენიმე ქვეყანამ ინდივიდუალური სანქციები თავად შემოიღო. „ამავდროულად, ევროკავშირის დონეზე, ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების დაწესებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება იქნება“, – განაცხადა მან.

ელჩმა ჰერჩინსკიმ ასევე ისაუბრა მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა“, – აღნიშნა მან და სანაცვლოდ დიალოგისკენ მოუწოდა.

იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხშირად აღიქმება როგორც ნელი და არაეფექტური, ელჩმა აღიარა, რომ ევროკავშირი შესაძლოა „ნელა“, თუმცა „გადამწყვეტად“ მოქმედებს. „ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ყველა ნეგატიურ მოვლენას შედეგები მოყვა და მომავალშიც მოყვება“, – განაცხადა მან.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხის კომენტირებისას, ჰერჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა სარგებლობს ევროკავშირთან „პრივილეგირებული ურთიერთობით“, რომელიც ასოცირების შეთანხმებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და კანდიდატის სტატუსზეა აგებული. მისი თქმით, ეს პრივილეგიები ეფუძნება იმის გაგებას, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

„ის, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, სერიოზულ კითხვებს ბადებს იმის შესახებ, არის თუ არა საქართველო კვლავ დემოკრატიული ქვეყანა და, მეორეც, ნამდვილად სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა მან. „ამიტომ, ჩვენ უნდა გადავხედოთ, კვლავ დამსახურებულია თუ არა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა. და ამის განხილვა ბრიუსელში გრძელდება“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია