ევროკავშირის ელჩი გმობს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას

Civil Georgia 2 კვირის წინ 13
ევროკავშირის ელჩი გმობს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს დაგმო თბილისში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და განაცხადა, რომ ევროკავშირმა მაგიდაზე ყველა ვარიანტი დადო, რათა 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლო შედეგები განიხილოს. განსახილველი ნაბიჯები მოიცავს სანქციებს და ზოგიერთი კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

„ჩვენ ვხედავთ ხალხს ქუჩაში. გვესმის მათი ხმები. ჩვენ შოკირებული ვართ ძალადობით. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით, ვისაც სურს უკეთესი მომავალი მათთვის და მათი ოჯახებისთვის, ვისაც სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს „პრივილეგირებული ურთიერთობა ევროკავშირთან“ მრავალი წელია, მაგრამ არსებული ვითარება აჩენს ამ „პრივილეგირებულ ურთიერთობაზე“ „დაფიქრების“ საჭიროებას, რაც 16 დეკემბერს მოხდება.

რაც შეეხება იმ შედეგებს, რომლის წინაშეც შესაძლოა „ქართული ოცნება“ დადგეს, ელჩმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანქციებზე მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, სანქციების პოლიტიკა, ზოგადად, „ძალიან რთულია ევროკავშირში“, რადგან ის ერთსულოვნებას მოითხოვს. „მივაღწევთ თუ არა ერთსულოვნებას, ეს დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე. ვფიქრობ, ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ნებისმიერ დედაქალაქს გაუჭირდება ძალადობის ამ დონის, სისასტიკის ამ დონის უგულებელყოფა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა: „არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება. არ გვსურს იმ ხალხის დასჯა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას გამოხატავს, რომელიც თბილისსა და ბევრ სხვა ქალაქში ქართულ დროშებსა და ევროპულ დროშებს აფრიალებენ, მაგრამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკაზე, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ“.

ელჩმა ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავი „ევროკომისიის ყურადღების ქვეშ“ დაეყენებინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადით. საქართველოს მოეთხოვებოდა რეფორმების განხორციელება, რომლებიც კომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯში, შემდეგ კი 9 ნაბიჯში იყო ასახული. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი გულისხმობდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სადაც „სამწუხაროდ, ჩვენ უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, რაც შეუთავსებელია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან“.

რაც შეეხება გასულ წელს მიღებულ კანონებს, კერძოდ, კანონს უცხოელი აგენტების შესახებ და ანტი-ლგბტქ+ კანონს, ელჩმა განაცხადა, რომ „საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. ქართველებისა და საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია, რა კანონები უნდა ჰქონდეს საქართველოში. მაგრამ მე, როგორც ევროკავშირის ელჩმა, ხმამაღლა და გარკვევით უნდა განვაცხადო, რომ კანონები, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ევროკავშირის ღირებულებებთან, არ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან“.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის პრინციპებს, არის ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით და განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ. „… მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება თავისუფლად შეასრულოს თავისი მოვალეობა, თავისი საქმე. მე პირადად, ნამდვილად შოკირებული ვარ, რომ ბევრი ახალგაზრდა სცემეს, სასტიკად სცემეს საქართველოს დროშების ფრიალის გამო. ეს მართლაც გულსატკენია და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამ უპრეცედენტო დონის ძალადობა დაუყოვნებლივ შეჩერდება“.

„ჩემი გზავნილი ქართველ ხალხს, რომელიც ყოველ ღამე ქუჩაში დგას, არამარტო თბილისში, არამედ ბევრ სხვა ქალაქში, არ დაკარგოთ იმედი. თქვენი ხმა გვესმის.  შემაძრწუნებელია, რომ ამდენი ძალადობა და ამდენი სისასტიკეა ბევრი მათგანის მიმართ, ქალების, ახალგაზრდების მიმართ… ამ საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ნამდვილად გამაოგნებელია, რომ პოლიცია, საიდუმლო სამსახური და კრიმინალური დაჯგუფებები ორი ღამის წინ თბილისის ქუჩებში დარბოდნენ და ჯერ კიდევ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა“, – აღნიშნა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

სრულად წაიკითხეთ სტატია