ევროკავშირი არ შეაჩერებს გაცვლით და მობილობის პროგრამებს ქართველი სტუდენტებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეჩერებულია პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამის შესახებ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს.
„არა, ჩვენ არ ვაპირებთ Erasmus+ მობილობის და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას საქართველოსთან. ევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ახალგაზრდები არიან მცდელობის სათავეში, რომლის მეშვეობითაც საქართველომ ევროკავშირის გზაზე სვლა უნდა გააგრძელოს. ევროკავშირი გააგრძელებს მათ გვერდით ყოფნას“, – აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.
განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს გადაწყვეტილება საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერების თაობაზე. ამ ნაბიჯმა, რომელიც 26 თებერვალს გახდა ცნობილი, საქართველოს მოქალაქეებს შორის შეშფოთება გამოიწვია ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი უფრო ფართო საგანმანათლებლო შეზღუდვების გამო.
საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო“ იქნა მიღებული. თუმცა, ფიშერმა განმარტა, რომ გერმანიის ამჟამინდელი დაფინანსება ქართული განათლებისთვის, რომელიც თითქმის ერთი მილიონ ევროს შეადგენს, უცვლელი რჩება. DAAD-ის სტიპენდიები, რომლებიც ძირითადად კურსდამთავრებულებს, დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს ეხებათ, ასევე ჯერჯერობით ძალაში რჩება.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/02/2025 – გერმანიის განათლების სამინისტრო საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებას წყვეტს
- 04/09/2024 – ევროკავშირმა საქართველოს მუნიციპალიტეტებს საგრანტო პროექტი შეუჩერა
- 16/07/2024 – ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან შედარებით 11-ჯერ მეტი დახმარება მიიღო
- 09/07/2024 – ჰერჩინსკი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, თავდაცვის სამინისტროს დახმარება გაყინული, ხოლო ურთიერთობები დაბალ დონეზეა