დეპუტატის სავარაუდო შეურაცხყოფისთვის სტუდენტებს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

Civil Georgia 1 დღე წინ 8
დეპუტატის სავარაუდო შეურაცხყოფისთვის სტუდენტებს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 მაისს ორ სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს, 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა, მისი საჯარო შეურაცხყოფის გამო, მათ წინააღდეგ საჩივარი შეიტანა. სასამართლომ აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი 4000 ლარით დააჯარიმა, თუმცა მისთვის პატიმრობის შეფარდებისგან თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ ის არასრულწლოვანის დედაა.

ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც სამი ქალი აქტივისტი მარიამ ლაშხს კაფეში დაუპირისპირდა, სადაც ის თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. აქტივისტები მას უყვიროდნენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „ძირს რუსი მონები“ და „არა რუს მონებს“.

ლაშხმა განაცხადა, რომ მას, როგორც საჯარო მოხელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა მის პრეტენზიას და ლორთქიფანიძისა და აფრიამაშვილისთვის 45-დღიანი პატიმრობა მოითხოვა. თებერვალში, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც საჯარო მოხელის შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

დაკავებამ იმავე საღამოს სტუდენტების პროტესტი გამოიწვია და უბიძგა მათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მოეწყოთ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ. მათი მეგობრები 2 ივნისს, სოლიდარობის ნიშნად, სასწავლო პროცესის ბოიკოტირებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ დაკავებები უსამართლო იყო.

იმავე დღეს, სასამართლომ დაკავებული მომიტინგის საბა სხვიტარიძის ძმას, თორნიკე სხვიტარიძეს, პოლიციელის სავარაუდო შეურაცხყოფისთვის ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმეში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ანი ქავთარაძეს, 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია