
სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ტურისტულ ბაზარზე ფასების მკვეთრ კლებაზე საუბრობენ, რაც, მათი თქმით, ხარისხის გაუარესებისა და სექტორის კრიზისის ძირითადი მიზეზია.
ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი BM.GE-სთან სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და იმ სქემის შესახებ გვიყვება, რაც ბაზარს აფუჭებს.
მისივე ინფორმაციით, დემპინგში დამნაშავე ყველა რგოლმა თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და აქცენტი არა ფასის კლებაზე, არამედ ხარისხზე უნდა გააკეთოს. სხვა შემთხვევაში, დაბალი ფასები, დაბალ ხარისხს გამოიწვევს.
„დემპინგში დამნაშავე მხოლოდ ერთი მომსახურების მიმწოდებელი არ არის. მოთხოვნა შემოდის დაბალ ფასზე. ამ დაბალ ფასიან მოთხოვნას იღებს ქართველი ტუროპერატორი, რომელიც სასტუმროსთან მიდის. ამ სასტუმროს გამოცხადებული აქვს X ფასი სხვა ტურისტული კომპანიებისთვის და რაღაცა კონკრეტული ჯგუფებისთვის ან სერიებზე ანახევრებს ფასს. ეს ფასი შემდეგ სხვა ტურისტულ კომპანიებშიც საზღვარგარეთ ვრცელდება, რომლებიც დაბალ ფასებს ითხოვენ და გამოცხადებული აქვთ ვაჭრობა, რომელი ტურისტული კომპანიაც მისცემს ნაკლებ ფასს. გადაგზავნიან ერთი და იგივე მოთხოვნას 5-10 კომპანიაში და 5-10-20 დოლარის დაკლებით, სერვისების მოკლების ხარჯზე საბოლოო ჯამში, დაბალ ბიუჯეტურ ჯგუფს ვიღებთ. ანუ, მივიღეთ ძალიან გაიაფებული მაღალი კატეგორიის სასტუმრო, რომელმაც ტურიზმის ხარისხი გააფუჭა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვიღებთ მომხმარებელს, რომელიც ქვეყნიდან არც ისე კმაყოფილი მიდის. სამაგიეროდ, კომპანია, რომელიც კარგად გვევაჭრა, მან მეტი მოგება მიიღო”, – ამბობს მაია მურაჩაშვილი.