დემოკრატიის უკუსვლის გამო საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს  

Civil Georgia 2 თვის წინ 70
დემოკრატიის უკუსვლის გამო საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს  

დემოკრატიის უკუსვლის გამო საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ევროკომისიის მიერ 2022-2024 წლებში პარტნიორი ქვეყნებისთვის გამოყოფილ თანხებს ეხება.

ევროკომისიის განცხადებით, ეს თანხები შეჩერდა ან საქართველოდან გადამისამართდა დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ.

შეჩერებული და გადამისამართებული თანხები წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 12 მილიონი ევრო 2022 წელს, 72 მილიონი ევრო 2023 წელს და 37.3 მილიონი ევრო 2024 წელს, ჯამში 121.3 მილიონი ევრო სამი წლის განმავლობაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, „შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება“.

„ნამდვილად სამწუხაროა, რომ დემოკრატიულმა უკუსვლამ, მტრულმა რიტორიკამ და დეზინფორმაციამ ეს გამოიწვია. მაგრამ საქართველოს შეუძლია შეცვალოს ეს და დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის შესაბამისად“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სერდროვიჩმა ევროკომისიის გადაწყვეტილების კომენტირებისას.  

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია