დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, ხელისუფლებას საგანგებო სიტუაციებზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ

Civil Georgia 1 თვე წინ 33
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, ხელისუფლებას საგანგებო სიტუაციებზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ

20 თებერვლიდან ძლიერმა თოვლმა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლები, განსაკუთრებით გურიის რეგიონი ჩაკეტა, რის გამოც მოსახლეობა გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. სამთავრობო უწყებებმა გასულ პარასკევს, 21 თებერვალს, ამინდის გაუარესების თაობაზე გაფრთხილება გაავრცელეს, თუმცა გადაუდებელი დახმარებისთვის მობილიზება ვერ მოახერხეს.

საგანგებო ვითარების ხუთი დღის თავზე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ 25 თებერვალს მიიღო განკარგულება სიტუაციის სამართავად არმიის მობილიზების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ მოსახლეობის დასახმარებლად, რომელიც გარე სამყაროს მოწყვეტილია.

ზოგიერთ სოფელში თოვლის სიმძიმის გამო სახურავები ჩამოინგრა. ზოგ ადგილებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღემატება. ბევრგან თოვლით დაფარული გზები წაქცეული ხეებით ჩაიკეტა, რაც სასწრაფო დახმარების მანქანებს გავლის საშუალებას არ აძლევს.

რეაგირების ნაკლებობას მოსახლეობის აღშფოთება მოყვა

მას შემდეგ, რაც დიდთოვლობა დაიწყო, სოციალურ ქსელებში მუდმივად ითხოვენ დახმარებას, რადგან მოხუცები საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ, ხოლო სახურავები დიდთოვლობის გამო ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, გურიაში, სოფელ კონჭკათში სახურავის ჩამონგრევის შედეგად შუახნის მამაკაცი, რომელიც ხანდაზმულ მეზობელს სახურავის გადაწმენდაში ეხმარებოდა, დაიღუპა.

25 თებერვალს, გურიაში, სოფელ ჯაფარეულში, ადგილობრივი მედიის ცნობით, დიაბეტით ქალი გარდაიცვალა, ვინაიდან ინსულინის შეძენა ვერ მოახერხა. ქალი თავის მოხუც დედას უვლიდა, რომელიც ახლა სახლში მარტო დარჩა, მეზობლები კი დიდთოვლობის გამო მასთან მისვლას ვერ ახერხებდნენ.

„არაფრის იმედი არ გქონდეთო გამგებელმა. ტრაქტორები არ არისო…მოწყვეტილი ვართ სამყაროსო. რაც გინდათ მიქენითო… ესაა პასუხი,რაც გვითხრეს.ეხლა ჩემი 80 წლის მამა კვალავს გზას, სადაც 1.5 თოვლია“, – წერს ირმა ხომერიკი გურიის სოფელ ორმეთიდან სოციალურ ქსელში.

„.ველოდებით მაშველებს… ვიხრჩობი თოვლში..ჩაკეტილი ვარ ორი დღეა…“, – წერს ანა ბერიძე სოციალურ ქსელში 25 თებერვალს.

„ჩემს გვერდითა მეზობელს სახლი დაენგრა!“, – წერს ნუნუჩია წულაძე სოფელ შემოქმედიდან ფეისბუქზე. „ღმერთის წყალობით ყველა უვნებელია!“

პოლიტიკური გამოხმაურება

ბევრი ქართველი, რომელიც უკვე თითქმის სამი თვეა საპროტესტო აქციებს მართავს, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვაზე, იმდენად არიან ორიენტირებული რეპრესიებზე, რომ მოქალაქეები ყურადღების მიღმა დარჩათ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები რაც გააჩნია სახელმწიფოს გადართულია რეპრესიაზე და მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენაც გვიწოდებს 112-ის გზავნილი“.

სრულად წაიკითხეთ სტატია