
„დამსაქმებელი სპეკულირებს, რომ თუ არ დაბრუნდებით სამუშაო ადგილებზე, გაგიუქმებთ რეგისტრაციებს“ – რა პრობლემებია მიგრანტებთან მიმართებით
„დამსაქმებელი სპეკულირებს იმით, რომ თუ არ დაბრუნდებით სამუშაო ადგილებზე, მე გაგიუქმებთ რეგისტრაციება“, – ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა „ბიზნესპრესიუსთან” ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს არსებულ რეალობაში, როდესაც საქართველომ დანიშნულების ქვეყნის როლი შეიძინა, შრომითი იმიგრანტების ერთად, პრობლემების რაოდენობაც გაიზარდა.
როგორც რაისა ლიპარტელიანი ამბობს, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია მის მიერ დასაქმებული უცხოელი შესაბამის პორტალზე დაარეგისტრიროს. თუმცა, როდესაც ეს არ ხდება, დამსაქმებელთან ერთად, ხშირად თავად მიგრანტებსაც არ სურთ საკუთარი პრობლემების გახმაურება, რადგან ამით გაირკვევა, რომ ისინი არალეგალურად იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე.
“ახლახან ერთ-ერთ კომპანიაში პროტესტი დაიწყო შრომის პირობების გამო. იქ მუშაობენ უცხოელებიც და ზოგჯერ მათი უფლებები უფრო ირღვევა. მაგალითად, დამსაქმებელი სპეკულირებს იმით, რომ თუ არ დაბრუნდებით სამუშაო ადგილებზე, მე გაგიუქმებთ რეგისტრაციებს ჯანდაცვის სამინისტროში. ჩვენი შრომითი მიგრაციის კანონმდებლობით, თუკი უწყვეტს სამუშაო რეგისტრაციას, ეს ბინადრობასთან არის მიბმული და რა თქმა უნდა, იმის შიშით, რომ არ შეუწყდეთ შრომითი ხელშეკრულება და შემდეგ უკვე ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება, მას ემორჩილებიან. ეს საბოლოო ჯამში ლახავს მათ შრომით უფლებებს.
რა თქმა უნდა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას თავისი პროცედურები აქვს, მას დასაბუთება სჭირდება, მაგრამ თუ უცხოელი გათავისუფლდა, ის უნდა წავიდეს სასამართლოში, ამტკიცოს საკუთარი სიმართლე, რასაც ხშირად წლებიც სჭირდება, ეს დრო კი მოქმედებს ამ ადამიანების ბედზე. 2 წლის მერე რომ დაადგინოს სასამართლომ, ის მართალია და დამსაქმებელმა უნდა დააბრუნოს სამუშაო ადგილზე, ეს მას არაფერში არგია, რადგან გამოდის, მთელი ეს პერიოდი არალეგალურად უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიაზე. ზოგჯერ პირიქით, სულ არ არიან ეს ადამიანები რეგისტრირებულნი შესაბამის პორტალზე და
არა თუ დამსაქმებელს, თავად დასაქმებულებსაც არ აწყობს გაახმაუროს თავის პრობლემები, რადგან გამოჩნდება, რომ ის არალეგალურად იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე.
ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ მომხმარებლის კუთხიდანაც. არის რიგი სამსახურების, სადაც მიგრანტებს მომხმარებელთან უწევთ კომუნიკაცია და ელემენტარულად სახელმწიფო ენა არ იციან საბაზისო დონეზეც კი, რომ ელემენტარული მომსახურება უზრუნველყონ. მაგალითად, ძალიან ბევრი მიგრანტია დასაქმებული
ტაქსის მძღოლად, მიმტანად, კურიერად, და ა.შ. ენობრივი ბარიერის გამო კი კარგი ხარისხის სერვისი არ გვაქვს.
ამიტომ, ბევრი განზომილება აქვს ამ საკითხს და მე შევხედავდი პირველ რიგში ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების და ასევე მეორეს მხრივ, მომხმარებლის უფლებების პერსპექტივიდანაც. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და არ არის საკმარისი მათ შორის,
ქვეყნის შიდა პოლიტიკის დონეზე განხილვა. აუცილებელია ორმხრივი კომუნიკაცია თუნდაც იმ ქვეყნებთან, საიდანაც ეს ადამიანები ჩამოდიან, იგივე ეხება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან.
ამიტომ, თუ რაიმე კანონპროექტები ამ კუთხით განიხილება პარლამენტში, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაინტერესებული მხარეები ჩართოს, მათ შორის, პროფკავშირები ამას კონვენცია და კანონი ავალდებულებს. ჩვენ და
ბიზნესი ასეთი საკითხები განხილვაში აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩართული”, – ამბობს რაისა ლიპარტელიანი.
ცნობისთვის, უცხოელების არალეგალურად დასაქმებაზე შესაძლოა, დამსაქმებლების ჯარიმა 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე გაიზარდოს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს უკვე მიმართეს.
www.bpn.ge